მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ხელისუფლებისთვის ვითარებას ართულებს ის, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობენ“

62e0d8d919dbf
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.22 10:19
712
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი გარკვეული ძალების მიერ საქართველოს ომში ჩათრევასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს.

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ მიერ გავრცელებული ყოფილი პრემიერის განცხადებიდან ირკვევა, რომ ივანიშვილი თვლის, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ომში ჩართვის რისკი დღესაც აქტუალურია. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მმართველ გუნდს ერთგვარ რჩევას აძლევს, რომ ამ პროცესებში სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა არ უნდა დაზიანდეს.

ყოფილი პრემიერი რთულ პერიოდში მმართველი გუნდის მოქმედებებსაც აფასებს და ირწმუნება, რომ არ უნდა რომ მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა იქონიოს.

„რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან.

ამასთან, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები