მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნების გლობალურ ბაზარზე გაყიდვებმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა

645f2adc7c795
ლიკა მეგუთნიშვილი
13.05.23 09:30
691
Art Basel-ისა და UBS Global-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის მიხედვით, ხელოვნების ბაზარზე გაყიდვებმა 2022 წელს პირველად, პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა. გასულ წელს ამ ბაზარზე გაყიდვები 3%-ით გაიზარდა და ჯამურად 67.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2022 წელს მსოფლიოს მასშტაბით ლიდერის პოზიცია აშშ-ის ხელოვნების ბაზარმა შეინარჩუნა. გლობალურ გაყიდვებში აშშ-ს 45%-იანი წილი აქვს, გასულ წელს კი გაყიდვებმა 30 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მეორე პოზიციას 11.9 მილიარდიანი გაყიდვების მაჩვენებლით გაერთიანებული სამეფო იკავებს, რომლის წილიც გლობალურ ბაზარზე 18%-ს შეადგენს. მართალია, გასულ წელს გაერთიანებული სამეფოს ხელოვნების ბაზარზე გაყიდვები 5%-ით გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ 2019 წელს დაფიქსირებულ 12,2 მილიარდ დოლარზე კვლავ დაბალი რჩება.

მესამე პოზიციაზე ხვდება ჩინეთი. გასულ წელს ჩინეთის ხელოვნების ბაზარზე 11.2 მილიარდი დოლარის გაყიდვები დაფიქსირდა, რაც გლობალური ბაზრის 17%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ Covid 19-ის გამო დაწესებულმა შემზღუდავმა მექანიზმებმა ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ჩინეთის ხელოვნების ბაზარს მიაყენა, თუმცა, ბაზარმა როგორც ჩანს, გასულ წელს უკვე გარკვეულწილად აღდგენის დინამიკა აჩვენა. მართალია, ჩინეთში გაყიდვები 2020 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა, თუმცა 2009 წლის შემდეგ, მეორე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა.

რაც შეეხება აუქციონის სახლების მაჩვენებლებს. ამ შემთხვევაში გასულ წელთან შედარებით კლების ტენდენცია ფიქსირდება. თუ 2021 წელს აუქციონის სახლების ჯამურმა გაყიდვებმა 31.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 30.6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, თუმცა 2019 წლის, ანუ პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 11%-ით მეტია.

გასულ წელს აუქციონზე ყველაზე ძვირად 195 მილიონ დოლარად, ამერიკელი პოპ არტისტის ენდი უორჰოლის მიერ შესრულებული მერლინ მონროს პორტრეტი - Shot Sage Blue Merilyn გაიყიდა.

აუქციონის სახლებისგან განსხვავებით ზრდის ტენდენცია დააფიქსირეს ხელოვნების ბაზრობებმა, გამომდინარე იქიდან, რომ გასულ წელს გალერეებმა კვლავ იმავე რაოდენობის გამოფენები გამართეს, რაც 2019 წელს. გაყიდვების მაჩვენებელი კი ერთ წელში სექტორში 8%-ით გაიზარდა. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს მაჩვენებელი 2019 წლის დონეზე 7%-ით დაბალი რჩება.

როდესაც ხელოვნების ბაზარზე პანდემიის გავლენაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ონლაინ გაყიდვებიც, რამაც 2020-21 წლებში უპრეცედენტო ზრდა დააფიქსირა, რაც რასაკვირველია, ლოკდაუნიდან გამომდინარე, ონლაინ ვაჭრობის გააქტიურებას უკავშირდებოდა. გასულ წელს კი, შეზღუდვების მოხსნამ რასაკვირველია ხელოვნების ბაზარზე ონლაინ გაყიდვების შემცირება განაპირობა. თუკი, 2021 წელს ონლაინ გაყიდვები 13.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 11 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით ის კვლავ 85%-ით მაღალია.

მართალია, NFT-ების გაყიდვები ხელოვნების ბაზრის შეფასების დროს გათვალისწინებული არ არის, თუმცა Art Basel-ისა და UBS Global-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში ინფორმაციას მის შესახებაც გვაწვდის. კვლევის მიხედვით, ბლოკჩეინზე გაყიდვები 2020 წლის 4.6 მილიარდი დოლარიდან 2021 წელს 11.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა, ამ ზრდის შემდეგ 2022 წელს ის, 2.9 მილიარდ დოლარამდე დაეცა და ეს იყო ყველაზე დიდი ვარდნა, რაც გასულ წელს ხელოვნების სფეროში მოხდა.

რაც შეეხება ბაზრის პერსპექტივებს. Art Economics-ისა და UBS-ის მიერ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი კოლექციონერების 77% დადებითად არის განწყობილი ხელოვნების გლობალური ბაზრის პერსპექტივაზე და უმრავლესობა, დაახლოებით 55%, გეგმავს რომ 2023 წელს კიდევ უფრო მეტ, ძვირადღირებულ ნამუშევარს შეიძენს. ნავარაუდევია ისიც, რომ აშშ-ის ბაზრის წილი 65%-ს გადააჭარბებს, სადაც დილერების 50%-ზე მეტი გაყიდვების მაჩვენებლების გაუმჯობესებას პროგნოზირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები