მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხელვაჩაურის მერიის მიერ 163 362 ლარის საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება“

61f5510285f3b
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.22 18:54
1179
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩაატარებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტმა ადმინისტრაციულ უწყებაში საწვავის ხარჯვაში არსებული ხარვეზები გამოავლინა. კერძოდ კი აუდიტის ანგარიშის მიხედვით „ხელვაჩაურის მუნიციპალუტეტში 163 362 ლარის საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება“.

აუდიტის ავტორები განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთან უფლებამოსილების განხორციელებისათვის, მერიის ბრძანებით დაწესებულია საწვავის ლიმიტები. მოქმედი რეგულაციებით, თანამშრომელთა მფლობელობაში არსებულ ავტომანქანებზე, საწვავის ხარჯვის დასადასტურებლად ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილი მანძილის რეესტრი უნდა აწარმოონ. ამასთან, ოდომეტრის ჩვენება დაფიქსირებული უნდა იქნეს არანაკლებ თვეში ერთხელ, ასევე სააღრიცხვო პოლიტიკაში შესაძლებელია „საგზაო ფურცლის“ შემოღება, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაწერილი დოკუმენტი იქნება, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო ერთეულის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობა (შესრულებული სამუშაოები) აღირიცხება.

ანგარიშში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აღნიშნულ დარღვავსთან დაკავშირებით შემდეგი ფაქტობრივი გარემოება გამოავლინეს: მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე 2019-2020 წლებში საწვავის ხარჯვა ხორციელდებოდა აგაი სისტემის (ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა) გამოყენებით და ჯამში გახარჯულია 338.225 ლარის საწვავი, მათ შორის, ბალანსზე რიცხულ 15 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიხარჯა 174 863 ლარის საწვავი, ხოლო საჯარო მოხელეების პირად საკუთრებაში არსებულ 37 ავტოტრანსპორტზე, რომელიც 2,4-ჯერ აღემატება ბალანსზე რიცხულ ავტოტრანსპორტის რაოდენობას, გახარჯულია 163,362 ლარის საწვავი. აქვე აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებისათვის სარეკომენდაციო შინაარსის მატარებელი საბიუჯეტო დაწესებულებების მიერ ავტოპარკით სარგებლობასა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებული, საქართველოს მთავრობის დადგენილება მერიას არ გაუთვალისწინებია და ავტომობილების გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი წესი არ შეუმუშავებია. განხორციელებული აუდიტორული პროცედურებით ირკვევა, რომ რიგ შემთხვევაში საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება ვერ დასტურდება, კერძოდ:

• მოქმედი რეგულაციებით, სამსახურებრივ მივლინებად ითვლება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით მოსამსახურის გამგზავრება. ტრანსპორტთან დაკავშირებული ხარჯების ანალიზი ცხადყოფს, რომ 11 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 28 შემთხვევაში 951 ლიტრი, 2,310 ლარის ღირებულების საწვავის ჩასხმა დაფიქსირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, თუმცა აღნიშნულ შემთხვევებზე, მუნიციპალიტეტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტური დადასტურება, ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით.
• საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ 37 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ჯამში გაცემულია 78,983 ლიტრი, 161,052 ლარის ღირებულების საწვავი, რომლის ხარჯვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტები ზოგადი ხასიათისაა და არ არის იდენტიფიცირებული კონკრეტულ პერიოდში სამსახურებრივი დანიშნულებით გადაადგილება, შესრულებული სამუშაო, გავლილი მანძილი და გაწეული მომსახურება.

„მუნიციპალიტეტში არ არის გათვალისწინებული ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები, წარმოდგენილი დოკუმენტებით, ბალანსზე რიცხულ და საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ჯამში: 163,362 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება, აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს და წარმოშობს არასამსახურებრივი დანიშნულებით საწვავის გამოყენების რისკებს“, - წერია აუდიტის დასკვნაში.

ხარვეზის გამოსწორების მიზნით, კი სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ რეკომენდაციას აძლევს: „იმსჯელოს, საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენების და მასთან დაკავშირებით საწვავის ხარჯვის მიზანშეწონილობაზე; ამასთანავე, შეიმუშაოს საწვავის განაწილებისა და ხარჯვის ისეთი წესი, რომელიც დაეფუძნება მოქმედ რეგულაციებს და უზრუნველყოფს საწვავის არასამსახურებრივი მიზნებისათვის შესაძლო გამოყენების თავიდან აცილებას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები