უმსხვილესი ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Xiaomi, რომელიც ძირითადად სმარტფონების წარმოებით არის დაკავებული, ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, Xiaomi-ის ელექტრომობილები Great Wall Motors-თან თანამშრომლობით შეიქმნება და ბიუჯეტურ ბაზარზე იქნება გათვლილი. გავრცელებული ინფორმაციით, Great Wall პროექტის დაჩქარების მიზნით Xiaomi-ის საინჟინრო კონსულტაციასაც გაუწევს.
გამოცემა წერს, რომ Great Wall-ი და Xiaomi თანამშრომლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებენ.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური გიგანტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაინტერესებულია ელექტრომობილების წარმოებით, მაგალითად: Amazon-ი Rivian-თან თანამშრომლობს, ჩინური Baidu კომპანია Geely-სთან გეგმავს ელექტრომობილების წარმოებას, ხოლო Apple-ი პოტენციურ პარტნიორ ავტომწარმოებელს ეძებს.
Xiaomi-ის პირველი ელექტრონული ავტომობილი 2023 წლიდან გამოჩნდება და ძირითადად ჩინურ ბაზარზე იქნება გათვლილი.