მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

XREAL-მა ახალი AR-სათვალე წარადგინა - როგორია ის?

Xreal One

ჩინურმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Xreal-მა გაფართოებული, ანუ აუგმენტირებული რეალობის (AR) სათვალე წარადგინა, რომელმაც კონკურენცია Meta-ს უნდა გაუწიოს.

Xreal One აღჭურვილია ჩინური წარმოების X1 პროცესორით, რომელიც VR და AI-ფუნქციონალს აერთიანებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, სწორედ ამ პროცესორის წყალობით, Xreal One-ს კომპიუტერთან, სმარტფონთან ან სათამაშო კონსოლთან შეუძლია დაკავშირება, რაც მის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის და AR-ინდუსტრიაში სიახლეს წარმოადგენს.

AR-სათვალის მთავარი დანიშნულება რეალურ სამყაროში ვირტუალური ობიექტების ინტეგრაცია და მისი საზღვრების გაფართოებაა, აი, სწორედ აქედან მოდის თავად ტერმინი აუგმენტაცია. ამ ამბიციური მისიის შესრულებას Xreal One-ი ინოვაციური ტექნოლოგიის დახმარებით ახერხებს, რომლის მეშვეობით ნებისმიერი სახის გამოსახულება პირდაპირ შუშაზე აირეკლება, განსხვავებით VR და XR სათვალეებისგან, რომლებიც გამოსახულების ჩვენებისათვის მცირე ზომის ეკრანებს იყენებენ. თავისი არსით, შუშაზე გამოსახულების არეკვლა ახალი არ არის, მაგრამ ის, რასაც Xreal One-ი აკეთებს, ნამდვილად ახალია, რადგან ლაზერული პროექტორები პირდაპირ სათვალის ჩარჩოშია ჩაშენებული და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ შუშაზე გამოსახულება არსაიდან ჩნდება, რაც დამაჯერებლობის დონეს დრამატულად ზრდის.

თავად გამოსახულებას რაც შეეხება, სათვალის მეშვეობით შეგიძლიათ უყუროთ იმას, რაც მოგესურვებათ, რადგან ამ მიმართულებით არანაირი ტექნიკური ლიმიტი არ არსებობს. სათვალემ შეიძლება გაჩვენოთ ვიდეოგამოსახულება, ქალაქის რუკა, წიგნი, სამუშაო ფაილები, თამაშები, ფილმები, თქვენი სოციალური ქსელები ან ნებისმიერი სახის კონტენტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სათვალეზე წარმოდგენილ კონტენტს მხოლოდ სათვალის მომხმარებელი ხედავს, რადგან წინიდან ან გვერდიდან გამოსახულების აღქმა შეუძლებელია.

როგორც კომპანიაში ამბობენ, Xreal One-ის ფასი $500 იქნება, One Pro-ს შეძენას კი მომხმარებლები 600 დოლარად შეძლებენ.

თავად Xreal-ს რაც შეეხება, ამ სტარტაპის მიღმა ჩინური Alibaba დგას, რომელსაც AR-სათვალეების ბაზარზე თავის დამკვიდრება სურს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით სხვა ტექნოლოგიური კომპანიებიც აქტიურად მუშაობენ, მათ შორისაა: Meta, Apple, Google, Samsung, Microsoft, Qualcomm და Snap.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები