„გუდვილის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანია ადგილობრივ წარმოებას ხელს მაქსიმალურად უწყებს. გიორგი ხაბაშვილის განმარტებით, „გუდვილი“ და სხვა ქსელები ადგილობრივ წარმოებებს არა მარტო უადვილებენ ქსელებში პროდუქტის შეტანას, არამედ სხვა ტექნიკური პრობლემების მოგვარებაშიც ეხმარებიან.
„ჩვენ საცალო ვაჭრობის ქსელები, ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ ადგილობრივ მეწარმეებს. მათ არა მარტო პროდუქტის ქსელებში შეტანას ვუადვილებთ, არამედ ტექნიკური თვალსაზრისითაც ვეხმარებით, რათა ბევრი საკანონმდებლო ნიუანსი არსებობს, რაც შეიძლება არ იცოდნენ. ამიტომ, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რათა თავიანთი პროდუქცია კანონმდებლობას მოარგონ.
ყველა მცირე და საშუალო მეწარმეს „გუდვილში“ გზა ხსნილი აქვს. ჩვენი ამოცანა ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ხელშეწყობაა, საბოლოოდ ეს მოიტანს იმას, რომ იმპორტი ჩანაცვლდება ადგილობრივი წარმოებით, რაც მომხმარებლისთვის, მეწარმისთვის და ქსელისთვის ერთდროულად სასარგებლოა“ - აღნიშნავს გიორგი ხაბაშვილი.
კითხვაზე რამდენად მორგებულია გადახდის პირობები ადგილობრივ წარმოებაზე და რამდენად დროულად ახერხებენ ქართველი მწარმოებლები ქსელებიდან თანხების ამოღებას „გუდვილის“ გენერალური დირექტორი ასე პასუხობს:
გადახდის პირობები სხვადასხვა პროდუქტზე განსხვავებულია, თუმცა ადგილობრივი წარმოების კუთხით, ჩვენ მომწოდებლების ინტერესებს ვითვალისწინებთ, კონსიგნაციის ვადა ხანდახან შეიძლება იყოს 7, 10, ან 14 დღე. ხშირად არის, როცა „ფრეშ პროდუქციაზე“ იმიტომ, რომ მცირე მეწარმეს ხელი შევუწყოთ, პროდუქციის მოწოდებისთანავე ვუხდით თანხებს. ჩვენთვის პრიორიტეტი ადგილობრივი მწარმოებლის წახალისებაა და იქნება სულ“ - განმარტავს „გუდვილის“ გენერალური დირექტორი.