საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაიზრდება ხელფასები კერძო სექტორში.
როგორც ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, წესი მომავალ წელს შემუშავდება და პარლამენტს წარედგინება.
„2022 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას. როგორც ეს დაანონსებული იყო, მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება ჯარს, მასწავლებლებს, ექთნებს, ექიმებს და ზოგადად, საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით მოიმატებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, მთავრობამ აიღო ვალდებულება და ბიუჯეტის პროექტშიც აღნიშნულია, რომ მთავრობა წარადგენს წესს, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს საჯარო სექტორში ხელფასების მატება.
„საჯარო მოხელეების ყოველთვიური ანაზღაურების ზრდა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი ზრდა არის კერძო სექტორში და იქ დასაქმებულ ადამიანებს როგორ ეზრდებათ ხელფასები. ძირითადი პრინციპი ამ წესისა სწორედ ეს იქნება და საბოლოო ჯამში ეს წესი მოაწესრიგებს საჯარო მოხელეების ხელფასების საკითხს“, - აღნიშნა მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, 2022 წლის ბიუჯეტის განახლებული ვერსიით მთავრობის სახელფასო ფონდი წელს 177 მილიონი ლარით, 1.83 მილიარდ ლარამდე იზრდება.
კანონის მიხედვით, საბაზისო თანამდებობრივი სარგო არის საწყისი წერტილი, რომლითაც საჯარო სამსახურში სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირის ხელფასი განისაზღვრება. უწყებებს თავიანთი განაწესის მიხედვით განსაზღვრული აქვთ კოეფიციენტები, რომლებზეც საბაზისო სარგო მრავლდება. შესაბამისად, საბაზისო სარგოს 100 ლარით მატება ხელფასის 100 ლარით გაზრდას ნიშნავს უშუალოდ საბაზისო ხელფასის მქონე მოხელეებისთვის, ხოლო 100 ლარზე მაღალ მატებას იმ მოხელეებისთვის, რომლებსაც უფრო მაღალი კოეფიციენტები (კლასები) აქვთ მინიჭებული. მთლიანობაში საჯარო მოხელეთა ანაზღაურების შესახებ კანონით, მოხელეთა 12 კლასი არის განსაზღვრული და თითოეულ “კლასზე” განსხვავებული კოეფიციენტების დანამატი მოქმედებს.
2022 წლის ბიუჯეტის თანახმად, ასიგნებების მხარჯავ უწყებებში 112,752 ადამიანი არის დასაქმებული, რომელთა ხელფასებიც 1,830,644,800 ლარს შეადგენს. ეს ერთ დასაქმებულზე წელიწადში 16,236 ლარის ხელფასს, ხოლო ერთი თვის განმავლობაში 1353 ლარის ხელფასს ნიშნავს. 2021 წლის განმავლობაში ასიგნებების მხარჯავ უწყებებში დასაქმებულ 112,605 ადამიანს ხელფასის სახით 1,636,871,100 ლარი მიეცემა, რაც ერთ დასაქმებულზე თვეში 1211 ლარის ხელფასს ნიშნავს. შესაბამისად, საბაზისო ანაზღაურების ზრდა ერთი საშუალო დასაქმებულის ხელფასს თვეში 130 ლარით ზრდის.