მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუციშვილმა ADB-სთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გამტარი პუნქტების მშენებლობის შეთანხმება განიხილა

6398511f8edfd
ვიქტორია მღებრიშვილი
13.12.22 18:40
512
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალსმა საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო გამტარი პუნქტების მშენებლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი სასაზღვრო გამტარი პუნქტის მშენებლობას, რასაც მნიშვნელოვანი როლი ექნება რეგიონული ვაჭრობისა და ტრანზიტის განვითარების კუთხით.

აღსანიშნია, რომ აზიის განვითარების ბანკის წინასწარმა მისიამ, ერთობლივი გამშვები პუნქტის მშენებლობის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები შეაფასა. (როგორც ცნობილია, საქართველო და აზერბაიჯანი არიან აზიის განვითარების ბანკის წევრი სახელმწიფოები)

საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორმა აღნიშნა, რომ სასაზღვრო გამტარი პუნქტების ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, აზიის განვითარების ბანკის მიერ უკვე მხარდაჭერილი მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ლოგიკური გაგრძელებაა. მისი თქმით, ერთობლივი გამშვები პუნქტი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანზიტული პოტენციალის რეალიზებას და ქვეყნის ტრანზიტულ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესს ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონული განვითარების მიმართულებით.

შეხვედრას საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეინ როზენტალი, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე კამელ ბუმადი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია, ასევე, აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი რადომირ ჯურიჩი და ტრანსპორტის საკითხებში უფროსი სპეციალისტი ზაიღამ ნაქვი დაესწრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები