მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუდონჰესზე მოსახლეობასთან მოლაპარაკებებში მთავრობის ჩართულობა აუცილებელია - მარიამ ჩახვაშვილი

63a083eaac8cc
მარიამ ვარადაშვილი
19.12.22 22:27
822
Galt & Taggart-ის ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის მოსაზრებით, ხუდონჰესზე მოსახლეობასთან მოლაპარაკებებში მთავრობის ჩართულობა აუცილებელია.

მისი თქმით, მთავრობამ პროექტი მშენებლობის ნებართვამდე უნდა მიიყვანოს.

“ცალსახად კარგია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სიახლეა, რადგან აქამდე არაფერი კეთდებოდა და პროექტი გაჩერებული იყო. ახლა ის მაინც ვიცით, რომ მთავრობა იქნება თუ ახალი ინვესტორი მეტი შანსია რამე გაკეთდეს. ფაქტია ისიც, რომ პროექტის ძველი ინვესტორი არაფერს აკეთებდა. აქედან გამომდინარე, გარკვეული ძვრები ამ მიმართულებით ძალიან კარგია. აუცილებელი გახდება მოსახლეობასთან მოლაპარაკებებში მთავრობა იყოს ჩართული. თუ ასეთი სტრატეგიული პროექტია, რასაც ამბობენ და ვადასტურებ, რომ ხუდონჰესი ნამდვილად სტრატეგიულია, აუცილებელია მთავრობამ პროექტი მშენებლობის ნებართვამდე მიიყვანოს. ასევე აუცილებელია მოსახლეობასთან მაქსიმალურად ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდეს, რადგან ინვესტორს ძალიან უჭირს მოქალაქეს დაუმტკიცოს, რომ ეს პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ როცა მთავრობა დუმს.

აქამდე მთავრობის პოლიტიკა ისეთი იყო, რომ მაქსიმალურად ინვესტორს გაეკეთებინა ყველაფერი, ახლა ნახა, რომ ვერ სრულდება პროექტები და იძულებული გახდა თავად ჩაერთოს. ამას გარდა, ქვეყანაში საკუთარი ენერგიის წყაროების ქონის აქტუალურობა ნამდვილად გაზრდილია. იმ ენერგეტიკულმა კრიზისმა, რომელსაც ამ დროისთვის მსოფლიო უმკლავდება ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი დღის წესრიგში უფრო მწვავედ დააყენა. ახლა უფრო ნათლად ჩანს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებამ რა შეიძლება მოიტანოს”,-აცხადებს ჩახვაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მთავრობამ ხუდონჰესის პროექტი ინვესტორისგან $13.5 მილიონად გამოისყიდა. პროექტზე აუქციონის გამოცხადებას კი მთავრობა 2023 წლის დასაწყისში გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია რა ფორმით დარჩება სახელმწიფო პროექტში, თუმცა ეკონომიკის მინისტრმა დააანონსა, რომ მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები მომავალში სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. მისი დადგმული სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს" უნდა განეხორციელებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები