მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუთ თვეში საქართველოდან პერუში ექსპორტი 1 398%-ით გაიზარდა - რა გავყიდეთ?

62b5db4314e4c
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.22 13:09
51024
საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 4.1%-იანი წილით პერუ მოხვდა. საქსტატის ინფორმაციით, ამ მიმართულებით ექსპორტის ღირებულებამ 86.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 1 397.8%-ით აღემატება (2021 წლის იანვარ-მაისი - 5.8 მლნ დოლარი).

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პერუში ასეთი მოცულობის ექსპორტი სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში არ ჰქონია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში ქვეყნიდან ამ მიმართულებით სულ 3 დასახელების საქონელი გავიდა. პერუში ექსპორტის დიდი ნაწილი კი აზოტოვან სასუქებზე მოდის. საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1. მინერალური, ქიმიური ან აზოტოვანი სასუქები - 83 მლნ დოლარი, 121 500 ტონა;
2. თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები - 3.7 მლნ დოლარი, 1 144 ტონა;
3. მინა თერმულად გაპრიალებული და მინა მქრქალი ან გაპრიალებული ზედაპირით - 69 ათასი დოლარი, 126 ტონა.

აღსანიშნია, რომ 2022 წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან მინერალური და აზოტოვანი სასუქების მთავარი საექსპორტო ბაზარი სწორედ პერუ იყო, მას რუმინეთი და უკრაინა მოსდევდა.

უნდა ითქვას, რომ გასული წლის პირველ 5 თვეში პერუში ექსპორტზე ფეროშენადნობები, ალუმინის პროფილები და სხვა საქონელიც გავიტანეთ. მინერალური და აზოტოვანი სასუქები კი საანგარიშო პერიოდში მთავარ საექსპორტო საქონელში 2020 წლის იანვარ-მაისში იყო.

რაც შეეხება იმპორტს, წელს ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირებულია და პერუდან საქართველოში სულ 45 ათას დოლარამდე ღირებულების საქონელი შემოვიდა. იმპორტირებულ პროდუქტს კი სრულად ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები წარმოადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები