ხვალ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე, არსებულ ვითარებასა და გამოსავლის გზებზე პარლამენტში ისაუბრებს.
როგორც bm.ge-ის კონსორციუმიდან აცნობეს, საპარლამენტო ფორმატში ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის პროექტის განხილვა ხვალ, 11:00 საათზე, კინოდარბაზში გაიმართება.
კონსორციუმში აცხადებენ, რომ მზად არიან, პროექტის ირგვლივ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გასცენ.
ცნობისთვის: საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი პარლამენტში ღია ფორმატში საქართველოს პარლამენტის წევრებმა ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა მიიწვიეს.
დეპუტატების აზრით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა საშუალებას მისცემს ყველა მხარეს, ღიად ისაუბროს ანაკლიის პორტის თემაზე, რათა საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი პასუხები და გაიგოს ორივე მხარის პოზიცია.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან განსხვავებით, პარლამენტარების შეთავაზებაზე უარი თქვა ვიცე-პრემიერმა. როგორც მაია ცქიტიშვილისაცხადებს, მას დიალოგის პრობლემა არ აქვს, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტში მისვლის საჭიროებას ვერ ხედავს.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დიალოგის პრობლემა არ გვაქვს. ვგეგმავთ სამუშაო შეხვედრას და აქედან გამომდინარე თავს შევიკავებდი პარლამენტში ასეთი სახით ღია შეხვედრის გამართვისგან. დღეს ამ პროექტს სჭირდება სამუშაო შეხვედრები, რათა სამუშაო რეჟიმში მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, ვისაუბროთ და გამოვნახოთ გამოსავალი ან გზები პროექტთან დაკავშირებით შექმნილი ვითრებიდან და არა საჯარო დისკუსიებით პარლამენტში. ამიტომ მოდით, ვაცადოთ ერთმანეთს, მთავრობას და კონსორციუმს, რომ სამუშაო რეჟიმში იმუშაონ ამ პროექტზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა 23 ოქტომბერს.




























