მათივე ინფორმაციით, ბათუმისთვის 8 ელექტრობუსის შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით და E5P-ის ფონდის გრანტით მოხდა.
„ელექტროავტობუსების შეძენისათვის 3 777 000 ევრო დაიხარჯა. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა, რომლის უმსხვილესი დონორები არიან ევროკავშირი და შვედეთი, 1 500 000 ევრო გრანტის სახით გამოყო, დარჩენილი თანხა კი, EBRD-ის შეღავათიანი სესხია“, - განმარტავენ მერიაში.
ასევე, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ახალი ავტობუსები ელექტრობუსების მწარმოებელმა ბელარუსულმა კომპანია „ბელკომუნმაშმა“ შემოიყვანა. ელექტრობუსს შეუძლია დატენვის გარეშე 25 კილომეტრი გაიაროს. დატენვა დარჩენილი 30%-დან 80%-მდე ელემენტის მუხტით 6-8 წუთში ხდება. ყოველი ბრუნის შემდეგ კი, მოხდება სწრაფი დატენვა. ელექტრობუსი ბოლო გაჩერებებზე დაიტენება.
"ელექტროავტობუსის დატენვის ყოველდღიური ხარჯი თითქმის 10-ჯერ დაბალია, ვიდრე - დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსების", - ამბობენ მერიაში.
ინფორმაციისთვის, ახალი ავტობუსების სიგრძე 9.5 მეტრია, სადაც 24 დასაჯდომი ადგილია. საერთო ჯამში, ავტობუსი 70-მდე მგზავრზეა გათვლილი. თანამედროვე სტანდარტის ახალი ელექტროავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებულია გათბობა და კონდიცირება, ხმოვანი სისტემა და ვიდეოკამერები.