ხვიჩა კვარაცხელია ევროპის EURO U21-ზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება, - ამის შესახებ თავად ქართველმა ფეხბურთელმა, საკუთარ FACEBOOK გვერდზე დაწერა.
“დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.
ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემ გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს.“ - წერს ხვიჩა კვარაცხელია.
ცნობისთვის, 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს შეუძლია თამაში. ესენი არიან: გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი აზაროვი, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი.
ინფორმაციისთვის, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს.