კომპანია TNET-ს, რომელიც ელექტრონული კომერციის წამყვან პლატფორმებს, მათ შორის, mymarket.ge-ს, myauto.ge-ს და სხვა საიტებს აერთიანებს, ივნისიდან TKT.GE-ც შეემატა. როგორც TNET-ის გენერალური დირექტორი გიორგი ჩუმაშვილი გადაცემა BMGDRIVE-ს ეთერში აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც TKT.GE TNET-ის ნაწილი გახდა, მომხმარებელს უამრავი სიახლე შესთავაზეს. მისივე თქმით, FIFA-სთან მოლაპარაკებების შედეგად, ჩემპიონთა ლიგის ბილეთების გაყიდვაც დაიწყეს, ამ დროისთვის კი ყველა ბილეთი გაყიდულია.
„ჩემპიონთა ლიგის ნაწილში ოფიციალური “რისელერები“ გავხდით. FIFA-სთან მოლაპარაკებით TKT.GE-ზე ჯამში დაახლოებით 100-მდე ბილეთი განვათავსეთ და ამ დროისთვის მუნდიალის ყველა ბილეთი გაყიდულია“, - ამბობს გიორგი ჩუმაშვილი.
TNET-ის გენერალური დირექტორი სიახლეებსაც აანონსებს. ჩუმაშვილის თქმით, TKT.GE-ზე მალე ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას გამო, ფრანკფურტი-ნაპოლის მერვედ ფინალის ბილეთებიც განთავსდება. ამასთან, პლატფორმაზე რამდენიმე დიდი ტურნეს ბილეთებიც გაიყიდება.
„ხვიჩა კვარაცხელიას გამო, მალე TKT.GE-ზე ფრანკფურტი-ნაპოლის მერვედფინალის ბილეთებიც გაიყიდება. ამ პროცესში TKTFLY-საც ვრთავთ, რადგან ფრენის ბილეთებიც ხელმისაწვდომი იყოს და მსურველს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს, მომავალ წელს საერთაშორისო კონცერტების ბილეთებიც გვექნება, წინასწარ ვერ ვიტყვით, კონკრეტულ შემსრულებლებს, თუმცა TKT.GE-ზე რამდენიმე დიდი ტურნეს ბილეთები განთავსდება“, - განმარტავს „თინეთის“ გენერალური დირექტორი.