“ეს კრიზისი კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს მსოფლიო ეკონომიკისთვის, ძალიან ბევრი ქვეყნისთვის“- ასე აფასებს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას ენერგო გეოპოლიტიკის მკვლევარი, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფია ჭანუყვაძე.
მისი განმარტებით, ენერგომატარებლებთან წვდომის კუთხით განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე ევროპის და აზიის არაერთი ქვეყანა დადგება. ენერგო გეოპოლიტიკის მკვლევარი მიუთითებს, რომ ენერგოუსაფრთხოება, რეალურად, ეროვნული გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ ქვეყნები იძულებულნი არიან რესურსებზე წვდომისთვის სხვადასხვა გზას მიმართონ და ამ პროცესში ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია.
ენერგო გეოპოლიტიკის მკვლევარი მიუთითებს, რომ 2022 წლიდან, მას შემდეგ რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოხდა, ენერგეტიკული ბაზარი ტრანსფორმაციას განიცდის, თუმცა არსებული კავშირები რეალობის გამოძახილია.
„ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობს ენერგიის გეოპოლიტიკის თვალსაზრისით, მაგრამ ანალიზი რომ გავაკეთოთ, აუცილებელია გადავხედოთ უახლოეს წარსულს. ზოგადად, 2022 წლიდან იწყება ახალი გლობალური ენერგეტიკული სისტემის ფორმირება, როდესაც ევროკავშირის მთავარი ენერგეტიკული პარტნიორი რუსეთი ჩამოეცალა და მისი ადგილი დაიკავა აშშ-მ დაიკავა გვახსოვს, რამდენად დამოკიდებული იყო, ზოგადად, ევროპა რუსულ რესურსებზე. სწორედ რუსეთიდან იღებდა ევროკავშირი გაზის 45% და ნავთობის 27%-ს. დღეს კი, გათხევადებული ბუნებრივი აირის 60% -ის იმპორტი აშშ-დან ხდება. თუმცა ამას „ენერგეტიკულ ბლოკს“ ვერ დავარქმევდი, ეს უფრო არის ახალი ენერგეტიკული დამოკიდებულება, რომელიც არც ისე სახარბიელოა ევროპისთვის. მეორეს მხრივ მოხდა რუსეთის რესურსების აღმოსავლეთით გადამისამართება. ESPO-ს მილსადენით ხდება წლიურად 600 მლნ ბარელი ნავთობის მიწოდება ხდება ჩინეთის, სამხრეთ კორეის, იაპონიის მიმართულებით. რუსულ ნავთობს იღებს ინდოეთიც ( რომელსაც ახლა 30-დღიანი შესაძლებლობა მიეცა ტრამპისგან, რაც აქამდე ტარიფების გამო შეჩერებული ჰქონდა. მესამე აქტორი, ვისაც მინდა შევეხო, ეს არის ირანი, რომელიც ისტორიულად, ენერგეტიკული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოა. ის არის მსოფლიო ნავთობის რეზერვის 12%-ის მფლობელი და მსოფლიო გაზის რეზერვის დაახლოებით 16%-ის მფლობელი. მარტო სამხრეთ პარსის საბადო რად ღირს, რომელიც, დაახლოებით, 51 ტრილიონი კუბური ფუტი გაზის რეზერვუარია. მართალია, ამ საბადოს ინაწილებს კატართან, მაგრამ რეალურად, სანქციების გამო, ვერ ახორციელებს იმ რესურსების ექსპორტირებას. ქვეყანა 20 წელზე მეტია დასანქცირებულია, მაგრამ ამავე დროს მისი ერთ-ერთი მთავარი ენერგეტიკული პარტნიორია ჩინეთი და შეიძლება ითქვას, რომ ირანის ნავთობის ექსპორტის 90% რეალურად ჩინეთზე მოდის“, - ამბობს სოფია ჭანუყვაძე.
ის ფაქტი, რომ ენერგოუსაფრთხოება, რეალურად, არის ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, როგორც ჩანს, სახელმწიფოებს აიძულებს ენერგომატარებლებთან წვდომის გზები და იაფი რესურსები ეძებონ.
„დღეს შეიძლება ითქვას, რომ ყველა დიდი ნავთობექსპორტიორი ქვეყანა ფაქტობრივად დასანქცირებულია. ერთი მხრივ, ევროკავშირი ასანქცირებს რუსეთს, მაგრამ მეორე მხრივ, „ჩრდილოვანი ფლოტის“ საშუალებით კვლავ იღებს რუსულ ნავთობს. (დაახლოებით, 4 მილიონი ბარელი შედის დღიურად ევროკავშირის ტერიტორიაზე); ჩინეთი, თითქოს, აღმოსავლეთის ბლოკის ნაწილია, მაგრამ ძალიან კარგად იყენებს დასავლური ტექნოლოგიებით თავისი ენერგეტიკის განვითარებისთვის და აქ შეიძლება, ინდოეთიც ვახსენოთ, რომელიც ერთდროულად არის BRICS-ის და QUAD-ის წევრიც. დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ყალიბდება ორსაფეხურიანი ენერგეტიკული ბაზარი, ჩრდილოვანი და ლეგალური, სადაც ერთი და იგივე მოთამაშეები არიან ფაქტობრივად. ეს არ არის სახელმწიფოების სისუსტე, ეს არის რეალპოლიტიკა. სახელმწიფოები ყოველთვის შეიძენენ რესურსებს იქ, სადაც არის იაფი, ხელმისაწვდომი და სტაბილური მიწოდება“, - ამბობს „საქმის კურსთან" სოფია ჭანუყვაძე.
მკვლევარი მიუთითებს იმასაც, რომ ჰორმუზის სრუტე არის უმნიშვნელოვანესი სრუტე, რომელსაც რეალურად, ალტერნატივა არ გააჩნია. რეგიონში არსებული ორი მილსადენი - „პეტროლაინი და ჰაბშან-ფუჯაირას მილსადენი (ADCOP), რომლითაც შესაძლებელია ჰორმუზის სრუტის ავლით ნავთობის მიწოდება ძალიან მცირე მოცულობისაა და ვერ აკმაყოფილებს აზიური ქვეყნების მოთხოვნას.
"ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ენერგეტიკული კრიზისები მოსალოდნელია. მოკლევადიან პერსპექტივაში, არის საუბრები რეზერვების გახსნაზე. ვიცით, რომ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 31 სახელმწიფოს გააჩნია, დაახლოებით, 90-დღიანი რეზერვები და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც საკმაოდ დიდი რეზერვები აქვს. რა თქმა უნდა, ამ რეზერვების გახსნა იმოქმედებს ფასის დაწევაზე, მოკლევადიან პერსპექტივაში რა თქმა უნდა, ეს არის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ ომის დროულად დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს კრიზისი კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს მსოფლიო ეკონომიკისთვის და ძალიან ბევრი ქვეყნისთვის“, - ამბობს სოფია ჭანუყვაძე.




























