მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Yandex-ის მიტანის სერვისი Yandex Eats ქართული ბაზრიდან გადის

იანდექსი

ტაქსის გამოძახების კომპანია Yandex Taxi-ის პარტნიორი, საკვების მიტანის სერვისი - Yandex Eats (Яндекс Еда) საქართველოს ბაზარზე ოპერირებას წყვეტს - ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოპერაციების ხელმძღვანელმა, გიორგი ჭოლარიამ საკუთარ LinkedIn გვერდზე გაავრცელა.

"საქართველოში Yandex Eats-ის ოპერაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე ჩემი საქმიანობა დასრულდა, რაც ადგილობრივი ოპერაციების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გლობალურ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

ვამაყობ იმით, რაც შევქმენით. ერთობლივი ძალისხმევით, ბიზნესი სტრუქტურირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ ოპერაციად გარდავქმენით, რომელსაც მკაფიო ანგარიშვალდებულება და აღსრულების მაღალი სტანდარტები ახასიათებდა.

მიზანმიმართულობის, დისციპლინისა და თანმიმდევრული მართვის შედეგად, 2025 წელს საქართველოს ბაზარმა კომპანიის საერთაშორისო ბაზრებს შორის საუკეთესო საოპერაციო მაჩვენებლები დააფიქსირა", - წერს ის.

Yandex-ის ტაქსის გამოძახების აპლიკაციაში საჭმლის გამოძახების სერვისი 2024 წლიდან დაემატა.

ცნობისთვის, რუსულმა კომპანიამ მოსკოვში მოქმედი საკვების მიტანის სერვისი, Foodfox 2017 წელს შეიძინა და საკვების მიტანის სერვისი ოფიციალურად ჩაუშვა 2018 წლიდან. ასევე 2018 წელს, მას შემდეგ, რაც Yandex.Taxi-მ რუსეთსა და მეზობელ ქვეყნებში Uber-ის ოპერაციები შეიძინა, Uber Eats-მა და Foodfox-მა სერვისები გააერთიანეს. Yandex Eats-მა ოპერირება დაიწყო სომხეთში (2022 წლის სექტემბერი), უზბეკეთსა (2023 წლის მარტი) და საქართველოში (2024 წლის ოქტომბერი). ახლა კი, როგორც ირკვევა, ის ქართული ბაზრიდან გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები