ადგილობრივი უწყებების ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიერ გუშინ სომხეთის კონტროლირებად ყარაბახში დაწყებულ საომარ მოქმედებებს მინიმუმ 27, მათ შორის 2 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 200-ს აღემატება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ყარაბაღზე შეტევა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე “არალეგალური სომხური სამხედრო ფორმაცია” არ დანებდება და ყარაბახის სეპარატისტული მთავრობა თავს გაუქმებულად არ გამოაცხადებს.
ყარაბახის სახალხო დამცველის, გეღან სტეფანიანის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის ერთი, დაშავებულთა შორის კი 11 - ბავშვია.
სომხური მხარის თქმით, ყარაბახის რეგიონალური დედაქალაქი სტეფანაკერტი და სხვა სოფლები ინტენსიურად დაიბომბა, რეგიონის სამხედრო უწყების ცნობით კი, აზერბაიჯანი ყარაბახში დრონებს, საჰაერო არტილერიასა და სარაკეტო სისტემებს იყენებს. რეგიონში ელექტროენერგია გათიშულია და საკვების დეფიციტის რისკიც დგას, რადგან ორშაბათს მიღებული ჰუმანიტარული დახმარება, დაბომბვის გამო, დღემდე არ გადანაწილებულა.
როგორც ბაქოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უკვე გაანადგურეს 60-ზე მეტი სამხედრო ბაზა და 20-მდე სამხედრო მანქანა.
გაერომ და აშშ-მა აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, ევროკავშირმა, საფრანგეთმა და გერმანიამ კი აზერბაიჯანის ქმედება დაგმეს.
ყარაბახი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია, რომლის ნაწილსაც სომეხი სეპარატისტული ხელისუფლება აკონტროლებს, რომლებიც რეგიონს თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რეგიონში სამხედრო მოქმედებები ორჯერ დაიწყო, ბოლოს - 2020 წელს.