ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის წარდგინების საფუძველზე, "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
"ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებისთვის გადაეცათ.
„ჩვენთვის, ქართველებისთვის რაგბი არის განსაკუთრებული თამაში, განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს სპორტის ამ სახეობის მიმართ. მე პირადად მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება რაგბის მიმართ, მათ შორის ჩემი ოჯახური გამოცდილებიდან გამომდინარე. 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიცით, რომ ვითარდება საქართველოში რაგბი და მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებებს.
დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში ქართული რაგბი კიდევ ძალიან დიდი წარმატებებს მიაღწევს. წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2 წელიწადში გაიმართება და იქ გვჭირდება ასეთივე გარდამტეხი წარმატება - ეს იქნება ჯგუფიდან გასვლა, შემდეგ ეტაპზე წარმატება და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევთ მომდევნო წლებში. თქვენ ხართ ძალიან ღირსეული წარმომადგენლები ძალიან ღირსეული თაობის, რომელიც აგრძელებს რაგბის განვითარებაზე ზრუნვას და მინდა, მომავალშიც ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მორაგბეებს 2025 წლის „რაგბი ევროპის” ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება მიულოცა.




























