2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ყაზახეთი საქართველოსთვის მეორე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია და მასზე მთლიანი ექსპორტის 12.4% მოდის.
იანვარ-ივნისში ყაზახეთში ექსპორტი წლიურად 17.9%-ით გაიზარდა და 354.3 მილიონი დოლარი იყო. აქედან 304.3 მილიონი დოლარი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. სწორედ ავტომობილების მზარდი რეექსპორტი განაპირობებს ცენტრალური აზიის ქვეყნების მოწინავე პოზიციას ექსპორტის სტატისტიკაში. ამასთან, ყაზახეთში ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საქონელი მინერალური და მტკნარი წყლებია.
იანვარ-ივნისში ყაზახეთში შემდეგი საქონელი გავიდა:
- მსუბუქი ავტომობილები - $304.3 მლნ;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $12.6 მლნ;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $6.6 მლნ;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $5.3 მლნ;
- მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - $5.3 მლნ
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $2.8 მლნ
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $1.92 მლნ;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - $1.91 მლნ
- ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები - $1.42 მლნ;
- მადნები და კონცენტრატები მანგანუმის - $1.41 მლნ
ყირგიზეთსა და ყაზახეთს ჯამურად საქართველოს მთლიან ექსპორტში 28.3%-იანი წილი უკავია. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ივნისში ყირგიზეთში ექსპორტი 61.2%-ით გაიზარდა და 453.4 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ შემთხვევაშიც უდიდესი ნაწილი, 414.6 მილიონი დოლარი, მსუბუქი ავტომობილებია. უზბეკეთი კი მეათე საექსპორტო პარტნიორია, სადაც ექსპორტი 12.7%-ით, 50.9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება ყაზახეთიდან იმპორტს, მაჩვენებელი ექსპორტს ბევრად ჩამორჩება. 6 თვეში 29.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 48.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ყაზახეთიდან ხუთი ძირითადი საიმპორტო პროდუქტი შემდეგია:
- შავი ლითონების ნაწარმი, გამოსაყენებელი სარკინიგზო და ტრამვაის ლიანდაგებისათვის - $4.8 მლნ;
- სხვა საფრენი აპარატები - $3.7 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $3.1 მლნ;
- ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული - $1.5 მლნ;
- პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - $1.3 მლნ
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ცენტრალურ აზიაში საქართველოს მთავარი საექსპორტო პარტნიორი ყაზახეთი იყო. როგორც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივით, “თიბისი კაპიტალის” მიერ ეკონომიკური კავშირების შესახებ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, 2015-2023 წლებში ცენტრალურ აზიაში ექსპორტის უდიდესი წილი ყაზახეთსა (40%) და უზბეკეთზე (23%) მოდიოდა. ამასთან, გასულ წელს ქართული მინერალური წყალი ყაზახეთში შესული მინერალური წლის 90%-ზე მეტს შეადგენდა.