მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუა აზიის ბანკები რუსულ კომპანიებს სულ უფრო ნაკლებად ემსახურებიან - RBC

ყაზახეთი

შუა აზიის ბანკები რუსულ კომპანიების სულ უფრო ნაკლებად ემსახურებიან. ინფორმაციას რუსული გამოცემა RBC ლოგისტიკურ კომპანიებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ივლისში ცენტრალური აზიის ბანკების მიერ რუსული კომპანიებისთვის მომსახურებაზე უარის თქმის მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა - ეს სატრანსპორტო კომპანიების მიერ მომზადებული მიმოხილვიდან ირკვევა, რომელიც RBC-მ დაამუშავა. აღნიშნული პრობლემა ყაზახეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს და ტაჯიკეთს მოიცავს. აღნიშნულ სახელმწიფოებთან გადახდების შესრულების ვადები საშუალოდ ორ კვირამდე გაიზარდა, რაც ივლისში, ივნისთან შედარებით 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გადახდის კუთხით არსებული სირთულეები რუსულ გამოცემას მსხვილმა ბიზნეს გაერთიანებებმაც დაუდასტურეს.

ერთ-ერთი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გამოცემასთან აცხადებს, რომ არსებული პრობლემები ამ ქვეყნებში ბანკების შესაბამისობის გამკაცრებას უკავშირდება, რომლებიც კომპანიების სულ უფრო მეტ დამატებით დოკუმენტაციას და განმარტებას ითხოვენ, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას კომპანიის ხელმძღვანელის, მომხმარებლის, ფინანსური რესურსის წყაროების და გარიგების დეტალების შესახებ. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, პრობლემები 2024 წლის მეორე კვარტალიდან გამძაფრდა და ეროვნული ვალუტით გადახდის შემთხვევაში იქმნება.

„იმის გამო, რომ მიდგომები უნიფიცირებული არ არის, მკაფიო ალგორითმი კი არ არსებობს, გადახდის შესრულებისას ფინანსურ ორგანიზაციას ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, დამატებითი მიზეზების განმარტებების გარეშე“, - აღნიშნა სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა.

ერთი და იმავე ბანკში 10 000 დოლარიანი გადახდა შეიძლება წარმატებით დასრულდეს, ხოლო 50 000 დოლარიანი გაუქმდეს - განმარტავს კომპანია Logita Trade-ის გენდირექტორი.

„ყველაზე მეტად სირთულეები იქმნება ცენტრალური აზიის ბანკების გავლით სხვა ქვეყნებში საქონლის მომსახურების გადასახადის გადარიცხვისას, მათ შორის ჩინეთშიც“ - აღნიშნა კომპანია Digital ВЭД-ის დამფუძნებელმა RBC-სთან.

გამოცემა წერს, რომ საგადასახადო სირთულეები ჯერ კიდევ 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების გამო ამოქმედებული სანქციების პირობებში დაიწყო. თუმცა 2023 წლის დეკემბრიდან რუსეთის მეგობარი ქვეყნების ბანკებმა რუსული კომპანიების მიმართ მიდგომები აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნის შესაბამისად გაამკაცრეს, რომლის მიხედვითაც უცხოური ბანკები რუსი სანქცირებული პირების დახმარების შემთხვევაში შესაძლოა შეზღუდვების ქვეშ მოყვნენ. ივნისიდან აშშ-მა ეს მექანიზმი გააფართოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები