მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულშია - ექსპორტი 466%-ით გაიზარდა

ვაჭრობა

ყაზახეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულშია. 2023 წელს ცენტრალური აზიის ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა რეკორდულად 735 მილიონ 837 ათას დოლარამდე გაიზარდა და ქვეყნებს შორის ვაჭრობის ისტორიაში ასეთი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა. შედეგად ყაზახეთმა გასულ წელს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში 3.4%-იანი წილით მერვე ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკიდან ცხადი ხდება, რომ ყაზახეთთან სავაჭრო სალდო დადებითია და ვაჭრობა ექსპორტის, უფრო კონკრეტულად კი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა. 2023 წელს საქართველოდან ამ მიმართულებით 702 მილიონ 965 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა და წლიურად ექსპორტი 195.2%-ით გაიზარდა. ამგვარად, ყაზახეთმა საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში 11.5%-იანი წილით პირველ სამეულში შევიდა და აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ [ამ ქვეყნების შემთხვევაშიც ექსპორტი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზეა გაზრდილი], მესამე ადგილი დაიკავა.

როგორც აღვნიშნეთ, ყაზახეთში მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო. 2023 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საქართველოდან ჯამში 591 მილიონ 856 ათასი დოლარის ღირებულების 39 896 მსუბუქი ავტომობილი გავიდა. ექსპორტი წლიურად 466.5%-ითაა გაზრდილი. უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილების რეექსპორტის ქვეყნების რეიტინგში ყირგიზეთის შემდეგ ყაზახეთი მეორე ქვეყანაა, თუმცა ყირგიზეთი ყაზახეთს ამ კუთხით ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულებით უსწრებს, რაოდენობით კი ყაზახეთში უფრო მეტი ავტომობილი გაიყიდა.

რაც შეეხება სხვა საქონელს, რომელიც ყაზახეთში გავიტანეთ, TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $591.8 მლნ, 39 896 ცალი;
  2. მინერალური და მტკნარი წყლები - $24.7 მლნ, 32 649 ტონა;
  3. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $18.1 მლნ, 1 374 ტონა;
  4. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $10.3 მლნ, 15 165 ტონა;
  5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $9 მლნ, 2 914 ტონა;
  6. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $5 მლნ, 21 ტონა;
  7. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - $4.4 მლნ, 767 ტონა;
  8. ეთილის სპირტი არადენატურირებული - $3.7 მლნ, 740 ტონა;
  9. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა - $3.5 მლნ, 60 ტონა;
  10. ლუდი - $3.2 მლნ, 2 894 ტონა

რაც შეეხება გასული წლის განმავლობაში ყაზახეთიდან შეძენილი საქონლის მონაცემებს, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მიხედვით, ყაზახეთიდან იმპორტი 9.7%-ით 32 მილიონ 872 ათას დოლარამდე შემცირდა. იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

  1. საფრენი აპარატები სხვა - $3.8 მლნ, 32 ტონა;
  2. პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - $2.3 მლნ, 1 404 ტონა;
  3. მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - $2.2 მლნ, 800 ტონა;
  4. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - $1.9 მლნ, 2 099 ტონა;
  5. ქაღალდი და მუყაო არაცარცირებული გამოსაყენებელი საწერად, საბეჭდად ან სხვა გრაფიკული მიზნებისათვის - $1.4 მლნ, 63 ტონა;
  6. ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა და ზოლი პოლიმერული მასალებისაგან - $828 ათასი, 223 ტონა;
  7. ნაწარმი სხვა შავი ლითონებისაგან - $826 ათასი, 1 322 ტონა;
  8. აზოტოვანი სასუქები - $764 ათასი, 986 ტონა;
  9. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $708 ათასი, 1 061 ტონა;
  10. გრაფიტი - $667 ათასი, 626 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები