9 თვეში ნივრის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში, იანვარ-სექტემბერში 1 მილიონ 814 ათასი დოლარის ღირებულების 1 901 ტონა ნიორი შემოვიდა.
იმპორტის ღირებულება 51%, მოცულობა კი 9.5%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვარ-სექტემბერში საქართველოს ნივრის შეძენა გაუძვირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თუ გასულ წელს 1 კგ ნივრის იმპორტის საშუალო ღირებულება 69 ცენტი იყო, წელს საშუალო ფასი 95 ცენტამდე გაიზარდა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფლაციის დეტალური ინდექსის მიხედვით, ოქტომბერში ნიორი რეიტინგში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტია, რომლის საშუალო ღირებულება გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 69%-ით გაიზარდა.
საქართველოში ნიორი 5 ძირითადი ქვეყნიდან შემოდის. იანვარ-სექტემბერში ნივრის იმპორტი განსაკუთრებით ყაზახეთიდან გაიზარდა და ცენტრალური აზიის ეს სახელმწიფო პროდუქტის მთავარი მომწოდებელი გახდა. სწორედ ყაზახეთიდან ნივრის იმპორტის დადებითმა მაჩვენებელმა გაზარდა ჯამური იმპორტი. ამგვარად ყაზახეთმა რეიტინგში ჩინეთს გადაასწრო, რომლის 2023 წლის 9 თვეში საქართველოში ნივრის პირველი იმპორტიორი იყო, წელს კი ამ მიმართულებიდან იმპორტის მაჩვენებელი შემცირდა. იმპორტი შემცირებულია ირანიდან და თურქეთიდანაც.
ნივრის საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
- ყაზახეთი - $978 ათასი, 861 ტონა;
- ჩინეთი - $434 ათასი, 522 ტონა;
- ირანი - $223 ათასი, 343 ტონა;
- ყირგიზეთი - $142 ათასი, 109 ტონა;
- თურქეთი - $36 ათასი, 65 ტონა.
საქართველოდან ნივრის ექსპორტის მაჩვენებელი მცირეა და ძირითადად რეექსპორტს წარმოადგენს. წლის პირველ 9 თვეში ქვეყნიდან 258 ათასი დოლარის ღირებულების 247 ტონამდე ნიორი გაიყიდა, რაც 2023 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. [2023 წლის იანვარ-სექტემბერი - $313 ათასი, 262 ტონა]. ამ პერიოდში პროდუქტი მეზობელ ქვეყნებში - რუსეთში [ $150 ათასი, 120 ტონა], სომხეთში [$86 ათასი, 98 ტონა] და სომხეთში [$22 ათასი, 28 ტონა] გავიტანეთ.