ყაზახეთი ხორბლის ექსპორტს კიდევ 1 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანების მიხედვით, სუბსიდირების ვადა 2026 წლის პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.
უნდა აღინიშნოს, რომ წელს ყაზახეთის ხელისუფლების მიერ ხორბლის ექსპორტის სუბსიდირების გადაწყვეტილებამ საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი გაააქტიურა. თუ გასულ წელს ხორბლის მთავარი და შეიძლება ითქვას ერთადერთი მომწოდებელი რუსეთი იყო, წელს ოფიციალური სტატისტიკით ყაზახეთიც არის.
7 თვეში საქართველოში იმპორტირებული 56 მილიონი დოლარის ღირებულების 218 214 ტონა ხორბლიდან, ყაზახური 71 107 ტონა ხორბლის ღირებულებამ 16.8 მლნ დოლარი შეადგინა. გასულ წლებში ეს მაჩვენებელი ნულოვანი იყო.
ყაზახური მედიის ინფორმაციით, ახალ სეზონზე სუბსიდირების მოცულობა არ შეიცვლება და 1 ტონაზე 20-დან 30 ათას ტენგემდე [37-55 დოლარი] იქნება. სუბსიდირების მოცულობა დამოკიდებულია მანძილსა და სატრანზიტო გზაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება როგორც საქართველოში ხორბლის ექსპორტს, ასევე საქართველოს გავლით ყაზახური ხორბლის გადაზიდვებს. განკარგულების მიხედვით, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიების გავლით შავი ზღვის პორტების მიმართულებით 1 ტონა ხორბლის ტრანსპორტირების ღირებულება 30 000 ტენგე ანუ დაახლოებით 55 დოლარი იქნება.
9 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ხორბლის ექსპორტის სუბსიდირების ერთი წლით გახანგრძლივების ფარგლებში ყაზახეთის ხელისუფლებამ ექსპორტიორებზე სუბსიდიების გაცემა განაახლა. ყაზახური მედიის ინფორმაციით, 9 სექტემბრის მონაცემებით, „პროდკორპორაციამ“ ექსპორტიორებს 649.6 ათასი ტონა ხორბლის გადაზიდვისთვის 14.8 მლრდ ტენგე ანუ 274.5 მლნ დოლარი გადაუხადა. კორპორაციაში სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციაზე საერთო ჯამში 553 განაცხადი შევიდა. ყაზახეთიდან ხორბლის ექსპორტის მოცულობამ 1.2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 28.2 მლრდ ტენგეს [523 მლნ დოლარი] ღირებულების არის.
ცნობისთვის, ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის სამომხმარებლო სურსათის სარეზერვო მარაგების შემნახველმა კორპორაციამ - "პროდკორპორაციამ" ექსპორტიორების მიერ ხორბლის უცხო ბაზრებზე ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებაზე განაცხადების მიღებას შეაჩერა. გადაწყვეტილება სახელმწიფო ოპერატორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის სახსრების ლიმიტის მიღწევის გამო იყო მიღებული.




























