ყაზახეთში სახელმწიფო სუვერენული ფონდის, Samruk-Kazyna-ს მმათველი საბჭოს თავმჯდომარე ნურლან ჟაკუპოვი და ეროვნული სარკინიგზო კომპანიის, Kazakhstan Temir Zholy-ს ხელმძღვანელი ელჟას ოტინშიევი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
აღსანიშნია, რომ სახელმწიფო სუვერენული ფონდის $87-მილიარდიან აქტივებში შედის მსხვილი ბიზნესები საქართველოშიც, მათ შორის ბათუმის ნავთობტერმინალი და "რომპეტროლის" ქსელი.
ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, შესაბამისი ოპერაცია 11 ნოემბერს უწყების ანტიკორუფციულმა სამსახურმა ჩაატარა. ამასთან, ორივე სახელმწიფო ორგანიზაციის პირველი პირების გარდა, სამართალდამცველებმა კორუფციულ დანაშაულში ეჭვმიტანილი კიდევ რამდენიმე პირი აიყვანეს.
ამჟამად საქმის ყველა გარემოების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უსაფრთხოების კომიტეტმა განმარტა, რომ ყაზახეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის გათვალისწინებით, წინასწარი გამოძიების სხვა დეტალები და სავარაუდო დანაშაულის კონკრეტული გარემოებები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლა პრეზიდენტის მითითებებისა და „კანონისა და წესრიგის“ პრინციპის სრული დაცვით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, Samruk-Kazyna ყაზახეთის უმსხვილესი სახელმწიფო ჰოლდინგია, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ აქტივებს, მათ შორის უშუალოდ ეროვნულ სარკინიგზო ოპერატორ Kazakhstan Temir Zholy-ს ფლობს და მართავს.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს Samruk-Kazyna-ს $36 მილიარდის შემოსავალი და 6.16 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება ჰქონდა, ფონდის აქტივების ზომა 87.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
























