მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყაზახი ინვესტორებისთვის წყალტუბო საინვესტიციოდ მიმზიდველია“ - ჯახუტაშვილი

62f7ca923b90d
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.22 20:45
1561
„შესაძლოა, წყალტუბოში ყაზახური ინვესტიციები ვიხილოთ“ - ამის შესახებ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა გადაცემა Forbes Talks-ში, საქართველოს მთავრობის მიერ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ წარმოდგენილი გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

ბიზნეს გაერთიანების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევაში ყაზახ ინვესტორებს საქართველოში ინვესტირების ნეგატიური გამოცდილება აქვთ, ტურიზმის და მით უფრო ბალნეომიმართულებით ინტერესი მათი მხრიდან დიდია.

„წყალტუბო ძალიან კარგი ლოკაციაა, ერთის მხრივ აეროპორტთან სიახლოვის გამო, მეორე მხრივ შოვის და სხვა ბევრი სხვა კურორტისგან განსხვავებით, ყაზახებისთვის წყალტუბო ძალიან ცნობილი კურორტია პოსტსაბჭოთა სივრცეში. შეთავაზება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან წყალტუბოშია მათთვის ძალიან მიმზიდველია.

ვვარაუდობ, რომ წყალტუბოში ყაზახური ინვესტიცია შეიძლება ვიხილოთ, პირადად მყავდა პოტენციური ინვესტორები წყალტუბოში ჩაყვანილი. მათი მხრიდან დაინტერესება გამოხატულია, ახლა ვნახოთ, როგორ წარიმართება სახელმწიფოსთან კომუნიკაცია“, - აღნიშნა ყაზახურ-ქართული გაერთიანების ხელმძღვანელმა.

გიორგი ჯახუტაშვილმა აღნიშნა, რომ გაერთიანების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით ინვესტიციების ნაწილში, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ ინვესტორებს შეკრული და დამუშავებული საინვესტიციო პროექტები წარუდგინონ, როგორ წყალტუბოს შემთხვევაში მოხდა.

„რაც შეიძლება მეტი საინვესტიციო პროექტის უნდა იყოს იმ დონემდე შეკრული და დამუშავებული, რომ მხოლოდ ფულის ინექცია იყოს საჭირო. წყალტუბოს შემთხვევაში პროცესი საკმაოდ სწორად და გასაგებად მიმდინარეობს. სახელმწიფომ აიღო ლიდერობა ამ პროცესში, გააკეთა გეგმა, იყო პრობლემები წყლითსარგებლობასთან დაკავშირებით და ეს საკითხით თავის თავზე აიღო, მოაგვარა და შეთავაზებად გამოიტანა ინვესტორებისთვის.

ეს უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ ინვესტორებს მივუბრუნდეთ და ვუთხრათ, რომ ეს პროექტები გაწმენდილია რისკებისგან. ლოკომიტივი ამ შემთხვევაში სახელმწიფოა და ცხადად ჩანს, რომ სახელმწიფო თავის პოზიციაზე დგას, რაც ჩვენ შოვის განვითარების პროცესში გვაკლდა (შოვის განვითარების პროექტის შემთხვევაში ყაზახმა ინვესტორებმა პროექტის განვითარების წინარე სამუშაოები სრულად პირადი რესურსებით აწარმოეს).

მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიდიან კურორტზე და წარდგენაზე ბიზნესს ეუბნებიან, რომ ჩვენ ამ კონკრეტულ პროექტებს ვაპირებთ, ვიღებთ პასუხისმგებლობას და ახლა ბიზნესის ჯერია - ამ შემთხვევაში ინვესტორის დარწმუნება უფრო მარტივია“, - განმარტა ჯახუტაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ 5 ივლისს საინვესტიციო პროექტი - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ წარადგინა. პროექტის ფარგლებში ხელისუფლებამ წყალტუბოში 50 მლნ ლარის ღირებულების 14 პროექტზე სახელმწიფო პირობიანი აუქციონები 6 ივლისს გამოაცხადა. ხელისუფლების წარმომადგენლები ჯამში ინვესტორების მხრიდან 500 მლნ ლარის ინვესტირებას ელოდებიან. მსოფლიო დონის ბალნეოლოგიური კურორტად გადაქცევისთვის კი სახელმწიფო, თავის მხრივ, საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების შესასრულებლად კონკრეტულ ღონისძიებებსწლის ბოლომდე გააცხადებს.

წყალტუბოს სანატორიუმების გასხვისების მიზნით გამოცხადებული აუქციონების ვადა 4 აგვისტოს დასრულდა. შედეგად პირველ ჯერზე მყიდველი მხოლოდ 2 სანატორიუმს გამოუჩნდა, ხოლო დანარჩენი 12 შეთავაზებაზე ვაჭრობა არ შედგა აუქციონის ვადა 16 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები