მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყაზახური მხარე კარგად ხედავს ტრანსკასპიური დერეფნის ყველაზე დიდ პრობლემას“ - ლევან სულაბერიძე

63e5e77440665
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.23 20:00
1165
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ყაზახური მხარე შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვისას კარგად ხედავს თუ რა პრობლემებია საქართველოზე გამავალ ლოგისტიკურ ხაზში. ამის შესახებ ლევან სულაბერიძემ „საქმის კურსში“ ყაზახეთის მიერ შუა დერეფნით გაზრდილი ტვირთბრუნვის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ყაზახები ტვირთების გადაზიდვის ზრდას პრაგმატულად უყურებენ და იმასთან ერთად, რომ ბათუმის პორტს თავად ყაზახები მართავენ, გასულ წელს ფოთი ყაზახური ტვირთის ერთ დიდ გლობალურ ტერმინალად იქცა.

„დღეს ყაზახური მხარე კარგად ხედავს ქართული, ტრანსკასპიური დერეფნის ყველაზე დიდ პრობლემას, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ბათუმსა და ფოთში დიდი რაოდენობის ტვირთების დაგროვების შესაძლებლობა არ არსებობს - დიდი გემების მოლოდინში 100 000 – 200 000 ტონა ტვირთის დასაწყობება მოხდეს. ეს გაადვილებდა სახმელეთო ლოგისტიკას და სატარიფო პოლიტიკაში ჩარევის გარეშე გააიაფებდა გადაზიდვებს, რადგან გადაზიდვების ტექნოლოგია უფრო მარტივი იქნებოდა, უფრო მალე გამოთავისუფლდებოდა ის სავაგონე პარკი, რომელიც დღეს ყაზახეთიდან ფოთსა და ბათუმში მოემართება და დაცლის მოლოდინშია ხოლმე. ამას სერიოზული სინერგიული ეფექტი ექნებოდა“, - განაცხადა ლევან სულაბერიძემ.

კითხვა - ვინ შეიძლება გამოასწოროს არსებული მდგომარეობა, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ასე პასუხობს: „რა თქმა უნდა ბიზნესი, თუმცა პოლიტიკურ ნებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ნება გამოხატულია. გასული წლის განმავლობაში ყაზახეთის ხელმძღვანელი პირები ხაზს უსვამდნენ ტრანსკასპიური დერეფნის მნიშვნელობას. ეს არ არის ვიღაცის სამაგიეროდ მიღებული გადაწყვეტილება, ისინი მუშაობენ ლოგისტიკური ხაზების დისვერსიფიცირებისთვის. ევოლუციური გზით ეს პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, უკრაინაში დაწყებულმა მოვლენებმა კი, ამას რევოლუციური განვითარების ხასიათი მისცა“, - ამბობს ლევან სულაბერიძე და დასძენს, რომ ქართული მხრიდან ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება არსებობს.

„ჩვენ უნდა შევძლოთ ინფრასტრუქტურის შექმნა, რომ საინტერესო დავრჩეთ შუა აზიური და ყაზახური ტვირთისთვის“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები