ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი დიპლომატი ფედერიკა მოგერინი და საგარეო ქმედებათა სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი სტეფანო სანინო პატიმრობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ისინი თაღლითობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ - ამის შესახებ ოთხშაბათს დილით ევროკავშირის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა.
ევროპის კოლეჯის რექტორი მოგერინი, სანინო და ევროპის კოლეჯის კიდევ ერთი თანამშრომელი სამშაბათს იმ გამოძიებასთან დაკავშირებით დააკავეს, რომელიც იკვლევს, იყო თუ არა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მიერ 2021-2022 წლებში, ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის მასპინძლობისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესარჩევად გამოცხადებული საჯარო ტენდერი ევროპის კოლეჯზე მორგებული.
"ბრალდებები ეხება შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობასა და კორუფციას, ინტერესთა კონფლიქტსა და პროფესიული საიდუმლოების დარღვევას. ისინი გაათავისუფლეს, რადგან მიიჩნევა, რომ მიმალვის საფრთხე არ არსებობს", - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.
ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ბელგიის პოლიციამ გუშინ დააკავა. საქმე ეხება მოგერინის რექტორობის პერიოდში 3.2 მილიონ ევროდ იმ შენობის შეძენას, რომელიც შემდგომ ევროკავშირის საგარეო საკითხთა სამსახურმა დიპლომატიურ აკადემიად გამოიყენა.




























