მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანიები ელექტროენერგიით ვაჭრობით არიან დაკავებული - TI

642d394bc4296
BM.GE
05.04.23 13:38
1569
საქართველოში ელექტროენერგიით ვაჭრობის სექტორში არსებული კომპანიების დიდი ნაწილი ყოფილ მაღალჩინოსნებთან არის დაკავშირებული. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ამ სფეროში მათ შორის ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან დაკავშირებული კომპანიები არიან ჩართული.

TI საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობაში შუამავალი კომპანიების ჩართულობა შესაძლოა დენის ტარიფზე დადებით გავლენას არ ახდენდეს.

“ელექტროენერგიით ვაჭრობაში (ყიდვით და უფრო მაღალ ფასად გაყიდვით) რამდენიმე კომპანიაა ჩართული. მათ შორის, აღსანიშნავია სს „თელასი“, სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“, შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგ“ და შპს „თბილისის საინვესტიციო ჯგუფი“.

შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგი“ ყოფილი შპს „ინტერ რაო საქართველოა“, რომელსაც ამჟამინდელი სახელი 2022 წლის 28 ივნისიდან ჰქვია. აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ უკვე გამოაქვეყნა კვლევა. აღნიშნული კომპანია რუსეთთან ელექტროენერგიით ვაჭრობაშია შუამავალი. კომპანიის 50.01%-ს ნიდერლანდებში რეგისტრირებული „სილქ როუდ ჰოლდინგს ბი. ვი.“ ფლობს, რომელიც რუსულ „ინტერ რაო“-ს ეკუთვნის. 49.99%-ის საბოლოო მფლობელი საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ამბოკაძეა, რომელსაც 2019 წლამდე „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2022 წლის 11 ივნისამდე ვახტანგ ამბოკაძის აღნიშნულ 49.99%-იან წილს შპს „ეი ვი ჯი ჯორჯია“ ფლობდა, რომლის მინდობილი პირი რატი ღვამბერია იყო, რატი ღვამბერიას დას - ხატია ღვამბერიას შპს „ეი ვი ჯი ჯორჯიას“ დირექტორის თანამდებობა ეკავა. თავის მხრივ, რატი ღვამბერია საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრთან და ამჟამად მეწარმე ივანე ჩხარტიშვილთან დაკავშირებული პირი და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული რამდენიმე კომპანიის დირექტორია.

შპს „ინტერ რაო საქართველოს“ 2019-2021 წლების ფინანსური ანგარიშგებებიდან ჩანს, რომ აღნიშნული კომპანიის მიერ მოგების მიღება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) დადგენილებაში განხორციელებულმა ცვლილებამ განაპირობა.

2020 წლის 28 იანვრიდან სემეკის „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ N33 დადგენილებიდან ამოღებულ იქნა მე-6 მუხლი, რომელიც იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის წესს განსაზღვრავდა. „ინტერ რაო საქართველოს“ 2020 წლის ფინანსურ ანგარიშში ახსნილია, რომ 2019 წელს ელექტროენერგიის გადამყიდველ კომპანიებს არ ჰქონდათ მარჟის უფლება, ამიტომ სარეალიზაციო ფასი ელექტროენერგიის თვითღირებულებას უტოლდებოდა. 2020 წლის იანვარში სემეკის დადგენილებაში შესულმა ცვლილებამ კი „ინტერ რაო საქართველოს“ საშუალება მისცა, იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი ფასნამატით დაეწესებინა. 2020-2021 წლებში „ინტერ რაო საქართველომ“ ესკო-ს ელექტროენერგია 17%-იანი ფასნამატით (სხვაობა ამონაგებსა და ელექტროენერგიის თვითღირებულებას შორის) მიაწოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე ესკო-მ გვაცნობა, რომ მიმდინარე წლის 30 იანვრის მდგომარეობით ესკო-ს შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგთან“ (ყოფილი „ინტერ რაო საქართველო“) ხელშეკრულება აღარ ჰქონდა გაფორმებული.

საინტერესოა, რომ 2022 წლის 8 აპრილს ესკო-მ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ სრულად ვახტანგ ამბოკაძის მფლობელობაში არსებული შპს „ბლექ სი ენერჯი ტრეიდინგი“ დაარეგისტრირა, როგორც ექსპორტიორი, იმპორტიორი და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი. შესაძლოა, 2022 წლის გაზაფხულიდან რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს ყოფილი „ინტერ რაო საქართველო“ ნაცვლად შპს „ბლექ სი ენერჯი ტრეიდინგი“ ახორციელებს. აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება მოგვიანებით იქნება შესაძლებელი, როდესაც კომპანიები წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს გამოაქვეყნებენ.

ელექტროენერგიით ვაჭრობაში ჩართული კიდევ ერთი კომპანია - შპს „თბილისის საინვესტიციო ჯგუფი“ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან დაკავშირებული კომპანიაა. 2022 წლის მაისამდე ზურაბ ნოღაიდელი აღნიშნული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. საბჭოს თავმჯდომარე სულხან პაპაშვილი იყო, რომელსაც 1998-2003 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი იყო. ამჟამად ამ კომპანიას ნოღაიდელის ბიზნეს პარტნიორი ზურაბ ანთელიძე მართავს. ზურაბ ანთელიძე ზურაბ ნოღაიდელის პრემიერობის პერიოდში საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო. შპს „თბილისის საინვესტიციო ჯგუფი“ 2015 წლის ნოემბერში დაფუძნდა და შპს „ელტრანზიტი“ ერქვა. კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ვლადიმერ პატარიძეა. ზურაბ ნოღაიდელი უცხოური კომპანიის „Elgreen Holdings Incorporated“-ის დამფუძნებელიცაა, რომელიც 2016 წლიდან აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში და ტრანზიტში შუამავლის როლს ასრულებს.

ის, რომ საქართველოში ბოლო წლებში ელექტროენერგიის იმპორტი შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხორციელდება, ბევრჯერ გახდა მედიის ინტერესის საგანი, რადგან შუამავალი ელექტროენერგიის იმპორტს მოგების მიღების მიზნით ახორციელებს, რაც ტარიფს ზრდის. მიუხედავად ჩვენი ინტერესისა და მიმართვისა, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ გაჩნდა ამ პროცესში შუამავლების ჩართვის აუცილებლობა.

ელექტროენერგიით ვაჭრობასა და მიწოდებაში ჩართული კომპანია სს „თელასი“, რომლის 75% წილს რუსული სს „ინტერ რაო“ ფლობს, ხოლო 25%-ს შპს „ბესტ ენერჯი გრუპი“. შპს „ბესტ ენერჯი გრუპის“ 100% წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მაქაცარიაა.

რეგიონებში ელექტროენერგიის მიმწოდებელი სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კი ჩეხური კომპანიაა, რომლის საბოლოო ბენეფიციარი ჩეხეთის მოქალაქე იარომირ ტესარია,”- ნათქვამია TI საქართველოს ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები