Google-ის განცხადებით, YouTube-დან 11 000-მდე არხი და ანგარიში წაიშალა, რომლებიც რუსულ და ჩინურ სახელმწიფო პროპაგანდულ კამპანიებს ატარებდნენ. მათგან 7 700 არხი ჩინეთთანაა დაკავშირებული - ამის შესახებ CNBC წერს.
აღნიშნული კამპანიების ფარგლებში, არხებზე კონტენტი ჩინურ და ინგლისურ ენაზე იდებოდა და ემსახურებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და პრეზიდენტ სი ძინპინის მხარდაჭერას. ვრცელდებოდა კომენტარები აშშ-ის საგარეო ურთიერთობების პოლიტიკაზეც.
ასევე წაიშალა 2 000-ზე მეტი არხიც, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან ილინკებოდნენ. ამ არხების კონტენტი რამდენიმე ენაზე ვრცელდებოდა და მხარს უჭერდა რუსეთს, ხოლო უკრაინას, ნატოსა და დასავლეთს აკრიტიკებდა.
მანამდე, მაისში, Google-მა პლატფორმიდან წაშალა 20 YouTube არხი, 4 Ads-ის ანგარიში და 1 ბლოგი, რომელიც რუსულ სახელმწიფო მედია RT-სთან იყო დაკავშირებული. აღნიშნული მედია ცნობილი კონსერვატორი "ინფლუენსერებისთვის" 2024 წლის არჩევნებამდე ფულის გადახდაშია ეჭვმიტანილი.
Youtube-მა RT-სთან დაკავშირებული არხების წაშლა 2022 წლის მარტიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიწყო. ეს აქტიური პროცესი Google-ის "საფრთხის ანალიზის ჯგუფის" საქმიანობის ნაწილია, რომელიც მიზნად დეზინფორმაციის გლობალურ კამპანიებთან დაპირისპირებას ისახავს.
Google-ის ანგარიშიდან ირკვევა, რომ წლის მეორე კვარტალში პლატფორმიდან წაიშალა აზერბაიჯანთან, ირანთან, თურქეთთან, ისრაელთან, რუმინეთთან და განასთან დაკავშირებული ინფლუენსერული კამპანიები, რომლებიც მიზნად პოლიტიკურ ოპოზიციას იღებდა.
ჯამურად, პირველ კვარტალში, Google-მა 23 ათასზე მეტი ანგარიში წაშალა.




























