მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველდღიურად უფრო მეტად ვაძლიერებთ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას - ლევან დავითაშვილი

ენერგეტიკოსის დღე

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის მომავალ წლებშიც გაგრძელდება აქტიური მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკა. ამის შესახებ მან ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა სექტორის ზრდის დინამიკაზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და პროგრამებზე ისაუბრა.

„ყოველწლიურად იზრდება საქართველოში გენერაციის ობიექტების რაოდენობა, ასევე იზრდება დადგმული სიმძლავრე და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა. ჩვენ ყოველდღიურად უფრო მეტად ვაძლიერებთ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ამით, რა თქმა უნდა, არამხოლოდ ენერგეტიკულ დარგს ვაძლიერებთ, არამედ იმის მყარ საფუძველს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს უფრო მდგრადი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა - უფრო მყარი. მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ აქტიური მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკას იმისთვის, რომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ეს იყოს გრძელვადიანი, პროგნოზირებად გარემო როგორც სექტორში ინვესტორებისთვის, ისე ეკონომიკის სხვადასხვა დარგის სუბიექტისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მან პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმით ინვესტორების მხარდაჭერის მექანიზმზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს სექტორში ინვესტიციებს დააჩქარებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ენერგეტიკის სფეროში ინვესტირების პროცესი დავაჩქაროთ და უფრო სწრაფად მივიღოთ შედეგი იმ ამბიციური გეგმის, რომელიც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა - 2030 წლისთვის ვიყოთ ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა და გენერაცია აჭარბებდეს ჩვენს მოხმარებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოსთვის სტრატეგიულ, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტია.

„ეს არის ახალი სიტყვა ჩვენს რეალობაში, როდესაც ჩვენ შავი ზღვის გავლით პირდაპირ შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ევროპულ ბაზარს ქართული ელექტროსისტემა დავუკავშიროთ, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კონკურენტუნარიანობას. ეს ამბიციური, მრავალმილიარდიანი საინვესტიციო პროექტია, თუმცა, მასზე მუშაობის პროცესში დიდი პროგრესი გვაქვს, განსაკუთრებით წელს. ასევე მნიშვნელოვანია მიღწევები ნავთობისა და გაზის სექტორში - ახალ სალიცენზიო ბლოკებში ინვესტიციების განხორციელების მიზნით უკვე დაწყებულია საერთაშორისო ტენდერები, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ამ მიმართულებით ინვესტიციებს. სამხრეთ კავკასიური მილსადენი კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანზიტო ინფრასტრუქტურად, რომელიც ბუნებრივ გაზს კასპიის რეგიონიდან აწვდის ევროკავშირის ქვეყნებს. საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და აქაც სატრანზიტო მოცულობები იზრდება, შესაბამისად, იზრდება საქართველოს მიერ მიღებული ეკონომიკური ეფექტიც“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ენერგეტიკოსის დღე საქართველოში უკვე ოცდამეორედ აღინიშნება. ღონისძიება ქვესადგურ „თელეთი 220“-ის სივრცეში გაიმართა, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

ღონისძიებაზე გაიმართა დარგში არსებული ვითარებისა და სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაცია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, 2013-2024 წლებში საქართველოში 63 ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რომელთა ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 773 მგვტ შეადგინა. ამასთან, 2024-2025 წლებში იგეგმება დამატებით 16 ჰესის მშენებლობის დასრულება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 150 მგვტ იქნება.

საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ენერგეტიკის დარგის, მათ შორის ყოფილი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა - 46 დამსახურებულ ენერგეტიკოსს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები