ამერიკის შეერთებული შტატების 22 მილიონი მოქალაქის, (საშუალოდ, 1 ყოველ 15 ამერიკელში) ქონება გასულ წელს მინიმუმ $1 მილიონს უდრიდა, - ამის შესახებ UBS-ის გლობალური სიმდიდრის 2024 წლის კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი, 2022 წლის შემდეგ შემცირებულია - მილიონ დოლარიან ქონებას აშშ-ში მაშინ 22.7 მილიონი მოქალაქე ფლობდა - ამჟამად აშშ-ში მსოფლიოს მილიონერთა 38% ცხოვრობს.
შესაბამისად, ამერიკელი მილიონერების რაოდენობა სამჯერ აღემატება მეორეადგილოსანი ჩინეთის მილიონერი მოქალაქეების რაოდენობას და მეტიც - უტოლდება ჩინელი და დასავლეთ ევროპელი მილიონერების ჯამს.
ამასთან, 2023 წელს, 2022-თან შედარებით, მილიონერთა რაოდენობა პლანეტაზე 59.4 მილიონიდან 58 მილიონამდე შემცირდა, თუმცა მათი საერთო ქონება 4.2%-ით გაიზარდა.
UBS ვარაუდობს, რომ სიმდიდრის ზრდა გაგრძელდება და 2028 წლისთვის კვლევაში განხილული 56-დან 21 ქვეყანაში მილიონერების რაოდენობაც მოიმატებს. პროგნოზის თანახმად, ზრდის ტემპით ლიდერი ტაივანი გახდება, რომელიც მომდევნო წლებში დიდ შემოსავალს მიკროჩიპების ინდუსტრიიდან დააგენერირებს.
ამასთან, მილიონერი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა აშშ-შიცაა ნავარაუდები - UBS-ის პროგნოზით, 2028 წელს აშშ-ში 16%-ით მეტი - 25.4 მილიონი მილიონერი იქნება, რეიტინგში მეორე ადგილს კი იაპონია დაიკავებს. რაც შეეხება ჩინეთს, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა ქონებაც $1 მილიონს აჭარბებს, 8%-ით, 6.5 მილიონამდე გაიზრდება.