აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება, მისი სახელი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ამის შესახებ ზალკალიანმა მის მიერ ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულია.
„ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, რომ ჩემი პერსონა აღმოჩნდა ასეთი ყურადღების ცენტრში. ეს ჩემთვის ახალი არ არის. მრავალწლიანი დიპლომატიური და პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში, მსგავსი სახის მანიპულაციები, ინსინუაციები, ტყუილები ხშირად იყო დაკავშირებული ჩემთან. ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი. არც ვაპირებ სერიოზული კომენტარის გაკეთებას. ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში და არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ჩვენმა ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება, ჩემი სახელი იქნება თუ სხვისი, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ“, – თქვა ზალკალიანმა.
მან ასევე ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაც არის ხოლმე გაუგებრობები, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან გულწრფელი დიალოგი, რისთვისაც ქართული მხარე მზადაა.
„მექნება ძალიან გულწრფელი საუბარი ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან. სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაც არის ხოლმე გაუგებრობები, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან გულწრფელი დიალოგი, საუბრები, შეფასება, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ამგვარი ფაქტები ურთიერთობებში. ამერიკასთან ჩვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ეს ურთიერთობა 32 წელზე მეტს მოიცავს და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე. ეს ფაქტებით იყო გამყარებული, მათ შორის კონტრიბუციით, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ გაიღეს საერთაშორისო მისიებში, საკუთარი სიცოცხლის ფასად. ვფიქრობ, ეს არის სწორედ ის საწინდარი, რაც გვაკავშირებს, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით და არა მხოლოდ. ამ წლების განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა იყო ძალიან ღრმა ეკონომიკური თვალსაზრისითაც. სწორედ ეს არის თემები, რაზეც უნდა ვისაუბროთ.
ასეთი გაუგებრობები როდესაც ხდება, ამას სჭირდება შესაბამისი კომუნიკაცია, ჩართულობა. ღიად ვამბობ, რომ ქართული მხარე ამ საუბრებისთვის, ჩართულობისთვის მზად არის. მე ამაზე დღესაც მქონდა კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. ხვალ ვაშინგტონში დავბრუნდები და ეს საუბრები აუცილებლად გაგრძელდება, რათა ყველა გაუგებრობას და კითხვის ნიშანს გაეცეს პასუხი. ეს არავის ახარებს. მე ვიცი ჩვენი პარტნიორების გულისტკივილი ამასთან დაკავშირებით. ჩვენც ძალიან გვტკივა გული ამაზე. ვიმეორებ, რომ აუცილებელია მუდმივი დიალოგი. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დავძლევთ ამ გაუგებრობას და დავუბრუნდებით არა იმ მდგომარეობას, რაშიც ვიყავით, არამედ იმ მდგომარეობას, რასაც იმსახურებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, 25 სექტემბერს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ში ირაკლი კობახიძესა და დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც, ზალკალიანმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ეს ინფორმაცია უარყო.