სოფელ ყულევში მდებარე შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას იწყებს. კომპანიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინა საპროექტო და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ტერმინალის მფლობელი - აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი მის გაფართოებას გეგმავს.
პროექტი ითვალისწინებს ოთხი ახალი ცილინდრული ფოლადის რეზერვუარის დამატებას, თითოეული 20 000 კუბური მეტრის მოცულობით, რაც ჯამში 80 000 მ³-ით გაზრდის ტერმინალის საწვავისა და ნავთობპროდუქტების დამტვირთავ-გადამტვირთავ შესაძლებლობებს.
გარდა ამისა, აშენდება ორმხრივი სარკინიგზო ესტაკადა, რომელიც უზრუნველყოფს რკინიგზის ცისტერნებიდან ნავთობპროდუქტების ეფექტურ გადმოტვირთვას.
ინვესტიციის დასაწყებად კომპანიამ წარადგინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო ეტაპია. გარემოს დაცვითი დეპარტამენტი განიხილავს გზშ ანგარიშს და შესაბამისი ნებართვის გაცემის შემდეგ ტერმინალს საშუალება მიეცემა, ახალ ობიექტებში ოპერაციები ოფიციალურად დაიწყოს.
აღსანიშნავია, რომ ტერმინალი უკვე ფლობს 6 სარეზერვუარო პარკს და გაფართოება წარმოადგენს კომპანიის ზრდის სტრატეგიის ნაწილს.
ცნობისთვის, "შავი ზღვის ტერმინალი" 2008 წლიდან ოპერირებს. მისი რეზერვუარების ჯამური მოცულობა ამჟამად 402,000 კუბური მეტრია, შესაბამისად, ახალი რეზერვუარების დამატებით ჯამური მოცულობა 482,000 კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ტერმინალს ამჟამად წლიურად 10 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების გატარება შეუძლია.
SOCAR-მა 2023 წელს ტერმინალის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ჩაატარა. ამავე წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ტერმინალის გადაზიდვები 11%-ით, მიღებული შემოსავალი კი 30 მილიონი ლარით, 105 მილიონ ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული წლის განმავლობაში ტერმინალის წმინდა მოგება 52.5 მილიონ ლარს შეადგენდა. ტერმინალის აქტივების ღირებულება 317 მილიონ ლარს შეადგენს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ყულევის ტერმინალის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე ქართული კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმი" ქვეყანაში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტს ავითარებს. აღნიშნული ქარხნის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მისი საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონ დოლარს აღწევს. არსებული ინფორმაციით, ახალი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისთვის ნავთობის ერთ-ერთ მიმწოდებლად სწორედ ყულევის ნავთობტერმინალიც განიხილება.





























