მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყულევის პორტთან დაკავშირებით ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ - მინისტრის მოადგილე

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი ყულევის პორტის ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებას ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოსა და ევროპულ სტრუქტურებთან აქტიურ კომუნიკაციას უკავშირებს. იოსელიანის განცხადებით, საქართველომ პარტნიორებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ მექანიზმებზე, რომლებითაც ქვეყანა სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს აღკვეთს.

„საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს საერთაშორისო სანქციების მკაცრ აღსრულებას. ჩვენ ამ პროცესში ვმოქმედებთ, როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორი და სანქციების დაწესების დღიდან თანმიმდევრულად უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ტერიტორია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ფინანსური სისტემა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. სწორედ ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ნავსადგურებიც, სადაც უკვე მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმები და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ და სწორედ ამის შედეგად ევროკავშირის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყულევის ნავსადგური არ შევა სანქციების მე-20 პაკეტში “, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ევროკომისიამ სანქციების მე-20 პაკეტი თებერვლის დასაწყისში წარადგინა და მისი მიზანია რუსეთს ნავთობიდან შემოსავლები კიდევ უფრო შეუმცირდეს. ამით ევროკავშირი ცდილობს რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება აიძულოს, რადგან ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლებით კრემლი უკრაინაში ომს აფინანსებს. სანქციების ამ პაკეტში პირველად მოხვდა ქართული პორტი. ევროკავშირს სურდა სანქციები უკრაინის ომის წლისთავზე, თებერვლის ბოლოს მიეღო, თუმცა უნგრეთმა დაბლოკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები