ამერიკულმა სარესტორნო კორპორაცია Yum Brands-მა Pizza Hut-ის ქსელის $2.7 მილიარდად გაყიდვის შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, კერძო საინვესტიციო ფირმა LongRange Capital-ი პიცერიების გლობალური ოპერაციების უდიდეს ნაწილს $1.5 მილიარდად შეიძენს, ხოლო ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში არსებულ ბიზნესს Yum China Holdings-ი $1.2 მილიარდად გამოისყიდის. როგორც ირკვევა, Yum Brands-ის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება რესტორნების სექტორში გაყიდვების კლებას, გაზრდილ კონკურენციასა და მომხმარებელთა მხრიდან ბიუჯეტის შემცირებას უკავშირდება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პიცის ბაზარზე გაყიდვების ზრდის ტემპი ბოლო წლებში სწრაფი კვების სხვა სეგმენტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, საფასო კონკურენციამ კი კომპანიების მოგების მარჟები საგრძნობლად შეამცირა.
Yum Brands-ი პიცერიების ქსელს 1990-იანი წლების ბოლოდან მართავდა, თუმცა სამომავლოდ კომპანია აქცენტს KFC-ისა და Taco Bell-ის განვითარებაზე გადაიტანს. არსებული ინფორმაციით, დარგში არსებული სირთულეების გამო, სტრატეგიულ ალტერნატივებსა და ქსელების სრულად ან ნაწილობრივ გაყიდვის შესაძლებლობას Papa John’s-ი და Papa Murphy’s-ის მფლობელი კომპანიაც განიხილავენ.
ცნობისთვის, Pizza Hut-ი აშშ-ის მასშტაბით 6,300-მდე რესტორანს აერთიანებს და ქვეყანაში Domino’s-ის შემდეგ მეორე უმსხვილეს ოპერატორად მიიჩნევა. დასახელებული ბრენდის შიდა გაყიდვებმა გასულ წელს $5.1 მილიარდი შეადგინა.




























