მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყურძნის ჩაბარების პროცესში რიგები ნორმალურია. არცერთი კილოგრამი არ დარჩება ჩაუბარებელი - ლევან მეხუზლა

მუხუზლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესში რიგების არსებობა უხვმა ნალექმა განაპირობა.

როგორც ის ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ კომენტარში აღნიშნავს, ზოგადად, რიგები ყურძნის ჩაბარების პროცესში ნორმალურია და კონტროლის მიზნით გარკვეული სქემაა შემუშავებული.

მან რთველის მიმდინარეობაზე საუბრისას განაცხადა ისიც, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩებათ ჩაუბარებელი.

"სექტემბერში, სამწუხაროდ, უდროო დროს კახეთის მასშტაბით იყო საკმაოდ უხვი ნალექი, კერძოდ, საგარეჯოსა და თელავის შემთხვევაში ნალექიანი დღეების რაოდენობა ოთხჯერ მეტი იყო, ვიდრე ეს იყო შარშან. გურჯაანის შემთხვევაში ორჯერ მეტი იყო, ვიდრე შარშან სექტემბერში. ამან ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ შემცირდა ის სახარბიელო დღეების რაოდენობა, როდესაც მოსახლეობას შეეძლო ყურძნის დაკრეფა და ჩაბარება. შესაბამისად, გარკვეულწილად ამ ყველაფერმა გამოიწვია სწორედ ახლა პიკური დღეები და გარკვეულწილად რიგები. ზოგადად, რიგები ყურძნის ჩაბარების პროცესში ნორმალურია. ყველა ქარხანას აქვს დღეღამური გადამუშავების ლიმიტი, თავისი შესაძლებლობებიდან და სიმძლავრეებიდან გამომდინარე.

რიგების კონტროლის მიზნით ჩვენ გვაქვს შემუშავებული შემდეგი სქემა: ყოველდღიურად შტაბის მიერ შესაბამის სოფლის რწმუნებულებს ეძლევა ეგრეთ წოდებული დღეღამური გადამუშავების კვოტები, მათ შორის მიმართულებები ქარხნებში და, შესაბამისად, ამ კვოტების საფუძველზე სოფლის რწმუნებულები უწერენ ცნობებს მოსახლეობას იმ რაოდენობებზე, რისი გადამუშავების საშუალებაც არის იმ კონკრეტულ დღეს. შესაბამისად, რიგების შემცირების და კონტროლის მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად მიიღონ ინფორმაცია თავისი რწმუნებულებისგან, აიღონ ეს ცნობა, რომელსაც რწმუნებული დაუწერს და უკვე შემდგომ დაიწყონ კრეფა და მივიდნენ სწორედ იმ ქარხანაში, რომლის შესახებაც ინფორმაცია ექნება სოფლის რწმუნებულს.

რაც შეეხება საბოლოო ჯამში რთველის დამთავრებას, სავარაუდოა, რომ რთველი გაგრძელდება კიდევ ერთი-ორი კვირა კახეთის მასშტაბით. ყველა საწარმო არის მობილიზებული, 300-ზე მეტი ჩამბარებელი პუნქტია კახეთის მასშტაბით, მათ შორის 30-მდე პუნქტზე სახელმწიფო იბარებს ყურძენს. კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩებათ ჩაუბარებელი",- ამბობს ლევან მუხუზლა.

10 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში სულ გადამუშავებულია 250 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები