მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყვარლის რანჩომ" ტექნიკური ბაზა გააფართოვა - რა სერვისს სთავაზობს კომპანია კაკლოვანი კულტურების მეწარმეებს?

ყვარლის რანჩო

თხილის, კაკლისა და ნუშის მოსავლის აღებაზე მომუშავე კომპანია წელს ტექნიკურ ბაზას აფართოებს და ფერმერებს უკვე სრულ სერვისს სთავაზობს. ამის შესახებ BM.GE-სთან ყვარელში მდებარე კომპანიის “ყვარლის რანჩო” დამფუძნებელმა შეთე ქემოკლიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანია დაახლოებით სამი წლის წინ შეიქმნა, თუმცა საქმიანობა პირველი კომბაინის შეძენით ოთხი წლის წინ დაიწყო.

„თავიდან ერთი მცირე კომბაინი გვქონდა. ვინაიდან დიდი ფართობები არ მაქვს, მაშინვე დავიწყე სხვა ფერმერების ნაკვეთებში მუშაობა. პირველ წელს დაახლოებით 20 ჰექტარზე ვიმუშავეთ, მეორე წელს - 50 ჰექტარზე, ხოლო წელს გავფართოვდით, უკვე მეორე, უფრო დიდი მოდელის კომბაინიც დავიმატეთ. სეზონზე დაახლოებით 300 ჰექტარი თხილისა და 150 ჰექტარი კაკლის მოსავლის აღებას ვგეგმავთ“, - ამბობს ქემოკლიძე.

მისი ინფორმაციით, პირველი ინვესტიცია 130 000 ევროს შეადგენდა, რომელიც სახელმწიფო თანადაფინანსებითა და შეღავათიანი აგროკრედიტით განხორციელდა. „პირველი კომბაინი 130 000 ევრო ღირდა. სახელმწიფოს 40%-იანი გრანტითა და იაფი აგროკრედიტით ვისარგებლეთ. ჩვენი თანამონაწილეობა დაახლოებით 250 000 ლარი იყო“, - აცხადებს ის.

წელს კომპანიამ ტექნიკური პარკი კიდევ უფრო გააფართოვა: „კვლავ ვისარგებლეთ 30%-იანი თანადაფინანსებით და შევიძინეთ კიდევ ერთი კომბაინი, ტრაქტორი, კაკლის შემბერტყავი, თხილის სარჩევი და საშრობი. ფაქტობრივად, თხილის მიმართულებით მომსახურების სრულ სპექტრს ვფარავთ. გარდა ამისა, FAO-ს მხარდაჭერით საშრობი და ქვის გამცლელი (დესთოუნერი) შევიძინეთ“, - ამბობს შეთე ქემოკლიძე.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად კომპანია ხუთ იურიდიულ პირსა და დაახლოებით ამდენივე კერძო ფერმერს ემსახურება.

რაც შეეხება მომსახურების ღირებულებას, კომპანიაში განმარტავენ, რომ წელს ფასების კორექტირება საწვავისა და სხვა ხარჯების ზრდამ განაპირობა.

„თხილის მოსავლის პრემიუმ ხარისხით ასაღებად, როგორც წესი, ნაკვეთში მინიმუმ სამჯერ შესვლაა საჭირო. თითოეული შესვლის ღირებულება 700 ლარია. ეს გასულ წელთან შედარებით გაზრდილი ფასია, რადგან საწვავიდან დაწყებული თითქმის ყველა ხარჯი გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ვცდილობთ, ფერმერებს გვერდში დავუდგეთ“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები