მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველა ავტორიტარული ხელისუფლების მსგავსად, "ოცნებას" არჩევნების ორგანიზება ძალიან უხარია - თორნიკე გორდაძე

თორნიკე გორდაძე

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის თორნიკე გორდაძის განცხადებით, „არჩევნების ორგანიზება ისეთ კონტექსტში, როგორიც დღეს საქართველოშია, ემსახურება მხოლოდ არსებული ხელისუფლების ლეგიტიმაციის გაძლიერებას“.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ პირველ რიგში, აუცილებელია ერთიანობა, რომლის გარეშე არჩევნებში მონაწილეობა დასავლეთის მიმართ გზავნილს ბუნდოვანს ხდის.

თორნიკე გორდაძეს, რომელიც პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი და, ასევე, ჟაკ დელორის ინსტიტუტის მკვლევარია, მიაჩნია, რომ „საქართველოს ხელისუფლებას, ისევე როგორც ყველა ავტორიტარულ ხელისუფლებას არჩევნების ორგანიზება ძალიან უხარია“.

პირველ რიგში, აუცილებელია ერთიანობის დემონსტრირება ევროპელებისთვის... თუკი საქართველოში ერთიანობა არ ჩანს ოპოზიციურ სპექტრში და გარკვეული პარტიები მონაწილეობენ არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იციან, მოგების არანაირი შანსი არ აქვთ, ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი ევროპელებისთვის. საქართველოს ხელისუფლებას, ისევე როგორც ყველა ავტორიტარულ ხელისუფლებას არჩევნების ორგანიზება ძალიან უხარია და უყვარს, რადგან მათ არანაირი შანსი არ დაუტოვეს ოპოზიციას, რომ არჩევნები იყოს დემოკრატიული და პოტენციურად ძალაუფლება დაკარგონ.

ამდენად, არჩევნების ორგანიზება ისეთ კონტექსტში, როგორიც დღეს საქართველოშია, ემსახურება მხოლოდ არსებული ხელისუფლების გაძლიერებას, მათი ლეგიტიმაციის გაძლიერებას და იმის დემონსტრირებას საერთაშორისო სცენასა და ქვეყნის შიგნით, რომ ისინი არიან ძლიერები, აკონტროლებენ სიტუაციას. [ასეთ არჩევნებში მონაწილეობა] ერთიანობას არღვევს და დასავლეთის მიმართ გზავნილს ბუნდოვანს ხდის“, - განაცხადა თორნიკე გორდაძემ.

მეორე მხრივ, ინტერვიუში მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მხოლოდ პასიური ბოიკოტი არაა საკმარისი.

ახლა არ ვარ საქართველოში, [თორნიკე გორდაძე პარიზში საქმიანობს], მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ის პარტიებიც კი, ვინც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, მუშაობდნენ და მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის საზიანო; 4 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს მოსახლეობის მობილიზაცია მაქსიმალურად, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ მოქალაქეებმა, რადგან რაოდენობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ამომრჩევლების 20% მიიღებს მონაწილეობას თუ 50%.

გარდა ამისა, ესეც არ იქნება საკმარისი, თუკი არ გვაქვს მოფიქრებული სტრატეგია, რას ვაკეთებთ 4 ოქტომბრის შემდეგ ანუ თვითმმართველობის არჩევნების მომდევნო დღიდან; თუკი მოხერხდა და ადამიანებმა გააცნობიერეს, რატომ არის ცუდი ამ არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნების შემდეგი დღიდან სხვა სტრატეგია უნდა იყოს, რომელიც არ ვიცი, ოპოზიციას აქვს თუ არა შემუშავებული“, - თქვა თორნიკე გორდაძემ.

შეგახსენებთ: ამ დროისთვის, ცნობილია, რომ პროდასავლური ოპოზიციური პარტიებიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის პარტია "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის" აპირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები