მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა დაპირებას, რაც საარჩევნო პროგრამის სახით გაგაცანით, რეალობად ვაქცევთ" - კახა კალაძე

კახა კალაძე

"ყველა დაპირებას, რაც საარჩევნო პროგრამის სახით გაგაცანით, რეალობად ვაქცევთ" - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის ახლად დაკომპლექტებული საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალ შემადგენლობას უყრიან კენჭს.

"უკვე მესამედ მაქვს პატივი, ვატარებდე თბილისელების დიდი ნაწილის მიერ არჩეული მერის სტატუსს, რაც ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის განვითარების ის პოლიტიკა, რასაც წლებია ვახორციელებთ, არის სწორი და უალტერნატივო. გამარჯვება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოვიპოვეთ, მხოლოდ ჩვენი გუნდის არ არის - ეს არის თქვენი გამარჯვება, თბილისელების გამარჯვება, ადამიანების, რომელთაც გჯერათ თბილისის შესაძლებლობების და მისი მომავლის.

არ დავიღლები მადლიერების გამოხატვით გამოცხადებული ნდობისთვის, არ დაგზარდებით ვიყო თქვენ სამსახურში, რათა ყველა დაპირება, რაც საარჩევნო პროგრამის სახით გაგაცანით, ვაქციოთ რეალობად და წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩვენი დედაქალაქისთვის. შესაბამისად, დღეს თქვენს წინაშე მხოლოდ ერთი დაპირებით წარვდგები - გპირდებით, თვალისჩინივით გავუფრთხილდებით თქვენ მიერ მიცემულ თითოეულ ხმას და მას კონკრეტულ საქმეებად ვაქცევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა იმ პროექტებსაც, რომელთა განხორციელებად, მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებიდან მეორე დღესვე დაიწყო.

"რაც შეეხება საქმეს, არჩევნებიდან მეორე დღესვე ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ყველა მიმართულებით და უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. როგორც იცით, გამოცხადებულია ტენდერი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებაზე. იმედი მაქვს, დეკემბრის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული კომპანია.

ასევე, მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად, დაწყებულია მუშაობა ბეთანიის სათხილამურო კურორტის კონცეფციაზე. თბილისთან ახლოს მსგავსი მასშტაბის დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა უმნიშვნელოვანესია ჩვენი დედაქალაქისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები