მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაშები - TOP 10

თამაში

ვიდეო თამაშები ერთ დროს პერსონალური ჰობიდან გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან სექტორად იქცა და დღეს მილიარდობით დოლარის შემოსავალს ნებისმიერი ასაკის აუდიტორიის ჩართულობით აგენერირებს. ათწლეულების განმავლობაში ზოგიერთმა თამაშმა არა მხოლოდ სრულად განსაზღვრა ჟანრის მიმდინარეობა, არამედ გაყიდვების ყველა რეკორდიც მოხსნა და პროცესში კულტურულ ფენომენადაც ჩამოყალიბდა. არც ისაა გასაკვირი, რომ რიცხვებით შეპყრობილ ინდუსტრიაში ახალი ვიდეო თამაშის წარმატებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ გაყიდვების მაჩვენებელი განსაზღვრავს.

IGN-ი შეეცადა, გაეცა პასუხი კითხვაზე: რომელია ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაში? - ამისთვის სხვადასხვა გამომცემლის ფინანსური ანგარიშგებებიც შეისწავლა და, საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმ თამაშების ათეული შეადგინა, რომელთა ყველაზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

10. The Witcher 3: Wild Hunt – 50 მილიონი

ყველაზე გაყიდვად ვიდეო თამაშებში The Witcher-ის მესამე ნაწილი, Wild Hunt 2023 წლის მაისში მოხვდა, როდესაც დეველოპერმა CD Projekt Red-მა გამოაცხადა, რომ ამ ნაწილის გაყიდვებმა 50 მილიონს გადააჭარბა. ჯამურად The Witcher-ის სერიის თამაშების 75 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. თამაშის შემქმნელები ამჟამად სერიის გაგრძელებასა და პირველი ნაწილის გარდაქმნაზე მუშაობენ.

9. Terraria – 59 მილიონი

ათეულში 2D სათავგადასავლო თამაში, Terraria-ც ხვდება, რომლის შინაარსიც წიაღის მოპოვებაზე, მშენებლობაზე, მსოფლიოს შესწავლაზეა დაფუძნებული. 2011 წლიდან დღემდე თამაშის 59 მილიონამდე ასლი გაიყიდა, საიდანაც, როგორც თამაშის დეველოპერები ამბობენ, 30 მილიონზე მეტი დესკტოპ ვერსიაა, დანარჩენი კი მობილურსა და კონსოლებზე ნაწილდება.

8. The Elder Scrolls 5: Skyrim – 60 მილიონი

მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ The Elder Scrolls-ის დეველოპერმა სტუდიამ დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ 12 წლის განმავლობაში თამაშის მეხუთე ნაწილის, Skyrim-ის 60 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

7. Red Dead Redemption 2 – 64 მილიონი

ათეულში ყველაზე ახალგაზრდა თამაში 2018 წელს გამოშვებული Red Dead Redemption-ის მეორე ნაწილია, რომელმაც, დეველოპერი Rockstar Studio-ს ინფორმაციით, 64 მილიონი ეგზემპლარი გაყიდა. ჯამურად სერიის ორივე ნაწილის გაყიდვები 89 მილიონს აღწევს.

6. Mario Kart 8 + Deluxe – 75 მილიონი

Nintendo-ს თანახმად, Mario Kart 8 Deluxe "Switch"-ის კონსოლისთვის ყველაზე გაყიდვად ვიდეო თამაშად რჩება. კომპანიის ბოლო ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ ჯამურად Mario Kart-ის ამ ვერსიის 67.35 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. თუ გავითვალისწინებთ Wii-ს კონსოლზე გაყიდულ 8 მილიონზე მეტ ასლსაც, იტალიელი სანტექნიკოსი რეიტინგში მეექვსე ადგილს, 75 მილიონიანი მაჩვენებლით იკავებს.

5. PlayerUnknown's Battlegrounds – 75 მილიონი

თუ სამეფო ბრძოლის როლურ თამაშებში მის კრიტიკულ როლს გავითვალისწინებთ, არავის გაუკვირდება, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაში PUBG-ია, რომელიც 2017 წელს ამოვიდა და 2021 წლის ბოლომდე 75 მილიონი ეგზემპლარი გაყიდა. 2022 წლის იანვრიდან თამაში უფასო გახდა და გაყიდვები შეწყდა, შესაბამისად, 75 მილიონი, სავარაუდოდ, გაყიდვების ბოლო მაჩვენებელი იქნება, თუმცა ვიცით, რომ თამაშის მობილური, უფასო ვერსიის გადმოწერები მილიარდს აღემატება და მუდმივად მზარდია.

4. Wii Sports – 83 მილიონი

Mario Kart-ის წარმატების მიუხედავად, Nintendo-ს ყველაზე გაყიდვადი თამაში Wii Sports-ია. რეიტინგში მოხვედრილი თამაშების დიდი ნაწილი სხვადასხვა წელს კონსოლთან ერთად, კომპლექტში იყიდებოდა, Wii Sports კი ერთ-ერთია იმ პროდუქტთაგან, რომელიც Wii-ს ყველა ვერსიაში იყო ინტეგრირებული. შედეგად, 83 მილიონამდე ეგზემპლარით, Wii Sports არა მხოლოდ რიგით მეოთხე ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაშია, არამედ ის ნომერ პირველია ექსკლუზიურად ერთი პლატფორმისთვის გამოშვებულ თამაშებს შორისაც.

3. Grand Theft Auto 5 – 200 მილიონი

Grand Theft Auto, ცნობილი როგორც GTA 5 მხოლოდ კონსოლებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე მორგებულ თამაშებს შორის ყველაზე გაყიდვადი და პოპულარულია. 2024 წელს სტუდია Rockstar-ის ამბიციური პროექტის გაყიდვებმა 200 მილიონს გადააჭარბა. ამასთან GTA 5 იყო ვიდეო თამაში, რომლის გაყიდვებმაც $1 მილიარდ დოლარს ყველაზე სწრაფად მიაღწია. სერიის ყველა თამაშის გაყიდვები კი 430 მილიონ ერთეულს აღემატება. სტუდია ამჟამად Grand Theft Auto-ს მეექვსე ნაწილზე მუშაობს, რომელსაც "გეიმინგ" სამყარო, ბოლო ინფორმაციით, 2026 წელს იხილავს.

2. Minecraft – 300 მილიონი

ფილმებში, განათლებაში, მაკდონალდსის მენიუშიც კი - Minecraft ის პროდუქტია, რომელსაც თითქმის ყველა პლატფორმაზე შეხვდებით. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ის რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაშია, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. 2009 წლიდან დღემდე Minecraft-ის 300 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა, თამაშისთვის დამახასიათებელ პიქსელურ დიზაინს კი დღეს ყველა მოთამაშე ცნობს.

1. Tetris – 520 მილიონი

პირველ ადგილს ჯერ კიდევ 1984 წელს საბჭოთა კავშირში შექმნილი უკვდავი ვიდეო თამაში, Tetris იკავებს, რომლის გაყიდვებიც 520 მილიონს აღემატება. გაყიდვების ძირითადი ნაწილი კი მობილურ ვერსიაზე მოდის.

Tetris თავდაპირველად საბჭოური კომპიუტერის, Elektronika 60-სთვის შეიქმნა, თუმცა ათწლეულების განმავლობაში 50-ზე მეტი პლატფორმისთვის ადაპტირდა. სწორედ Tetris-ის წარმატებამ განაპირობა Nintendo-ს Game Boy-ს პოპულარობაც - კომპანიამ ხელის კონსოლის 35 მილიონზე მეტი ერთეული გაყიდა. Tetris-ის წარმატება იმითაც აიხსნება, რომ კლასიკური თამაშის თანამედროვე ვერსიები დღემდე გამოიცემა.

ასე გამოიყურება ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაშების რეიტინგი. ათეულს მიღმა დარჩნენ ისეთი პოპულარული პროექტები, როგორებიცაა Pokemon-ის პირველი თაობა 47 მილიონი გაყიდვით, Super Mario Bros 48 ხოლო Overwatch-ი 50 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით. ახლა მხოლოდ დრო გვიჩვენებს, როგორ შეცვლის ამ სიას GTA და Elder Scrolls-ის მეექვსე ნაწილების გამოშვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები