მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყველა იმ კომპანიას მივაკითხავთ, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და ანაზღაურებაც არ გადაუხადეს"

5e95d062ee589
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.20 19:10
3247
"იმ კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და ვისაც ანაზღაურება ეკუთვნოდა ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე და ესეც არ გადაუხადეს, მათ ყველას მივაკითხავთ, დარწმუნებულები იყვნენ ამაში,"- ამის შესახებ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე, BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, კომპანიებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი არამარტო სახელმწიფოს, არამედ თანამშრომლების მიმართაც არიან პასუხისმგებლები. 

"დღეს კრიზისია და ამის დრო არც ჩვენ გვაქვს, არც ამ კომპანიებს, მაგრამ ყველას თავისი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა ახსოვდეს. კომპანიებს, გარდა იმისა, რომ ვალდებულება აქვთ სახელმწიფოს დახმარება და ფული სთხოვონ, იგივე ვალდებულება აქვთ დასაქმებული ადამიანების მიმართ. კომპანიას, რომელიც კრიზისის გამო ადამიანს სამსახურიდან უშვებს, პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება აქვს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ადამიანს შესაბამისი გადასახადი გადაუხადოს. ეს ყველას კარგად ახსოვდეს. გადაივლის ეს კრიზისი და მერე ყველას მივხედავთ. ახლა ყველას კარგად გვესმის, რომ ახლა არის მომენტი, როცა ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

არ არის აქ სახელმწიფო ერთადერთი, ვინც ვალდებულია სოციალური პასუხისმგებლობა იკისროს როგორც მოქალაქეზე, ასევე იმ კომპანიაზე, რომელმაც ეს მოქალაქე ყველანაირი პასუხისმგებლობის გარეშე სამსახურიდან გაუშვა,"- ამბობს გიორგი გახარია. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობა მუშაობს სოციალური დახმარების პაკეტის შექმნაზე იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც COVID-19-ის მიერ გამოწვეული შოკის გამო სამსახურები დაკარგეს. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ და სახელმწიფოს სხვა ნაბიჯების შესახებ ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები