მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველა მიმართულებით და ერთდროულად არის დასაწყები სამუშაო“ – აკაკი საღირაშვილი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე

აკაკი საღირაშვილი

„ყველა მიმართულებით და  ერთდროულად არის  დასაწყები სამუშაო“ - ასე პასუხობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე აკაკი საღირაშვილი კითხვას „რა არის დღეს საქართველოს პირველი რიგის ამოცანები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში.

აკაკი საღირაშვილი მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, რომელთა ნაწილი მიმდინარეა ( ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა) მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს  კადრების მომზადებაზე.

„ინფრასტრუქტურაში ინვესტიცია შესაძლოა,  მოკლევადიანად  მივიჩნიოთ, იმ თვალსაზრისით, რომ  5-6 წელიწადშია შესაძლებელია პროექტების სრულად დასრულება,  მაგრამ  კომპეტენციის და უნარების ნაწილში, კადრების მომზადებას და ზოგადად,  ქვეყანაში კვალიფიციური პროგრამების დანერგვას,  შეიძლება,  10-15 წელი დასჭირდეს.  ეს სინერგია თუ არ შეიქმნა, ერთდროულად და პარალელურად თუ არ წარიმართა პროცესი, შედეგს ვერ მივაღწევთ“,  - ამბობს აკაკი საღირაშვილი.

კადრების პრობლემაზე აქცენტს აკეთებს თავად „საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნულ სტრატეგიაც“.

„კადრების დეფიციტი ერთ-ერთი სერიოზული ხელის შემშლელი პირობაა უცხოური ინვესტიციების შემოდინებისთვის აღნიშნულ სექტორში. უცხოური კომპანიები მიიჩნევენ პერსონალის დეფიციტს, მათი ბიზნესის განვითარების, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის შემცველ ფაქტორს საქართველოში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

აკაკი საღირაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის დაძლევისთვის მნიშვნელოვანია სპეციალური პროგრამების შემუშავება და ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების ჩადება.  ასევე სასურველია პროცესში სხვადასხვა ოპერატორი ჩართულობა. 

„საქართველოს რკინიგზის გარდა, დღეს  კადრების გადამზადების ნაწილში სხვა არცერთი ოპერატორი არ არის ჩართული“, - აღნიშნავს აკაკი საღირაშვილი.

ბიზნეს ასოციაციაში, რომელიც ჩართული იყო  დოკუმენტის  განხილვებში, მიიჩნევენ, რომ სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია კერძო- საჯარო პარტნიორობის მოდელზე აქცენტირება.

„სექტორი  კერძო-საჯარო თანამშრომლობით უნდა განვითარდეს. მნიშვნელოვანია კერძო ინვესტიციები უნდა იყოს მოზიდული.  თუმცა,  კერძო ინვესტორი უყურებს ბიზნესგარემოს და უყურებს  ქვეყანაში კვალიფიციურ კადრებს.  როდესაც  ინვესტორი შემოდის ქვეყანაში და ხედავს მაგალითად, უმუშევრობის დონე არის 15-18 %, შესაძლოა ეს მისთვის ხელსაყრელი იყოს, რომ მუშახელი ხელმისაწვდომია, მაგრამ 

თუ კვალიფიკაცია არ აქვს მუშახელს,  ინვესტორი ფრთხილობს. აქ საჯარო და კერძო თანამშრომლობა აუცილებელია.  საჯარო კუთხით, საკანონმდებლო ბაზა უნდა ქმნიდეს ხელსაყრელ გარემოს, კერძო ინვესტორს კი, უნდა ჰქონდეს განცდა,  რომ ამ ქვეყანაში არსებობს  კვალიფიციურ მუშახელი, რომელსაც ის დაასაქმებს. ძალიან დიდი აუთვისებელი პოტენციალია ამ კუთხით და თუ ამას ავითვისებთ დასაქმების საკითხსაც მოვაგვარებთ“, - ამბობს აკაკი საღირაშვილი.