"დღესაც გვიწევს მუშაობა და მთელი რიგი ბიზნესების დარწმუნება, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაგალითად მოიყვანა ჯანდაცვის სექტორი, სადაც, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის აქტიურობა იმაზე დაბალია, ვიდრე ელოდნენ.
"ყველა ადამიანისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება მას შემდეგ, რაც დამატებითი დოზების მობილიზებას შევძლებთ და ეს იქნება მესამე კვარტალიდან. სწორედ ამ პერიოდიდან ვაქცინების მოწოდება იქნება ბევრად უფრო მარტივი და გაზრდილი, ვიდრე ეს დღეს არის. ივლის-აგვისტოში იქნება ფართო მოცვა, ხოლო სექტემბერში საყოველთაო ვაქცინაცია სრულად გაიშლება. ბიზნესსექტორი თუ მოქალაქე, რომელიც დღეს არსად დასაქმებული არ არის, შესაძლოა, თანაბრად ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში. ბიზნესში დასაქმებული მოქალაქეები, შესაძლოა, არასწორად აღიქვამდნენ ვაქცინაციის მნიშვნელობას და ჩვენ დღესაც გვიწევს მუშაობა და მთელი რიგი ბიზნესის დარწმუნება, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში; ჯანდაცვის სექტორშიც სამედიცინო პერსონალის აქტიურობა იმაზე დაბალია, ვიდრე ველოდით", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ახლა მუშაობა მიდის ორი მიმართულებით: ვაქცინების დამატებითი დოზების მობილიზება და არსებული დოზების ათვისება.
ინფორმაციისთვის: დღეისთვის საქართველოში ვაქცინაცია სამი ვაქცინით მიმდინარეობს - "ფაიზერი", "ასტრაზენეკა" და "სინოფარმი". მიმდინარე თვეში ქვეყანაში "ასტრაზენეკას" და "სინოფარმის" დამატებით დოზებსაც ელოდებიან.




























