ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კონსილიუმმა იმსჯელა და დადგინდა, რომ 27 წლის ექთანს, რომელიც "ასტრაზენეკას" აცრის გაკეთების შემდეგ 30 წუთში კომაში ჩავარდა და რომელიც დღეს გარდაიცვალა, ყველა პროცედურა პროტოკოლის დაცვით ჩაუტარდა.
„გუშინდელი შემთხვევის მართვა იყო აბსოლუტურად შესაბამისი პროტოკოლთან, ამაზე იმსჯელეს კონსილიუმის კოლეგებმა. ყველაფერი, რაც უნდა ჩატარებულიყო, ჩატარდა მაქსიმალურად სწრაფად და სწორად. დამატებით კიდევ ექსპერტების შეფასებაც იქნება და საზოგადოებას ამას გავუზიარებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში.
შეგახსენებთ, შემთხვევა 18 მარტს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში მოხდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 27 წლის ექთანმა, მეგი ბარბაქაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაიკეთა აცრა, რის შემდეგაც მას, დაახლოებით 30 წუთში, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
მისივე თქმით, მომხდარის შესწავლა მიმდინარეობს და აცრასთან მიზეზშედეგობრივ კავშირზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ნებისმიერ ვაქცინას თანამდევი რეაქცია მოჰყვება და ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა ან ანაფილაქსიური რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.
ახალგაზრდა ქალი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინვე გადმოიყვანა და ის დღეს, 12:00 საათზე გარდაიცვალა.




























