მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყველა ვიქტორი, ვინც ევროპის ხარჯზე ცხოვრობს და თან ევროპულ ინტერესებს ღალატობს, თავში წამოთაქებას იმსახურებს" - ზელენსკი ორბანზე

ვოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას მისი უნგრელი კოლეგა, ვიქტორ ორბანი გააკრიტიკა. თავის სიტყვაში ზელენსკის უნგრეთის ლიდერის გვარი არ უხსენებია, თუმცა თქვა, რომ ყველა მისნაირი, ვინც ევროპულ რესურსებს მოიხმარს და, ამავდროულად, ევროპას ღალატობს, “თავში წამოთაქებას იმსახურებს”.

გთავაზობთ სრულ ტექსტს: “ყველა ვიქტორი, რომელიც ევროპის ხარჯზე ცხოვრობს და, ამავდროულად, ევროპულ ინტერესებს ღალატობს, თავში წამოთაქებას იმსახურებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავს მოსკოვში კომფორტულად გრძნობს, მას არ აქვს უფლება, რომელიმე ევროპული დედაქალაქი პატარა მოსკოვად აქციოს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა განგვასხვავებს რუსეთისაგან. რუსეთი იბრძვის, რათა ადამიანების ყოფას აზრი დაუკარგოს, რათა მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ დიქტატორებს სხვების ცხოვრების განადგურება შეიძლება შერჩეთ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ” - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლას მალევე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანიც, რომელმაც სოციალურ ქსელში ზელენსკი გააკრიტიკა და მას “სასოწარკვეთილ მდგომარეობაში” მყოფი ადამიანი უწოდა. გამოქვეყნებულ პოსტში ორბანმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დაიცვა და თქვა, რომ ის მხოლოდ უნგრეთის დამოუკიდებლობისა და მისი ხალხის ინტერესებს ემსახურება. ორბანმა თქვა, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას კვლავაც გააგრძელებს.

“ძვირფასო ზელენსკი, როგორც ჩანს, მე და შენ საერთო აზრზე შეჯერებას ვერ შევძლებთ. მე თავისუფალი ადამიანი ვარ, რომელიც უნგრეთის ინტერესებს ემსახურება. შენ კი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი კაცი ხარ, რომელიც უკვე მე-4 წელია ვერ ან არ ცდილობს ამ ომის დასრულებას. იმისდა მიუხედავად, რომ ამაში პრეზიდენტი ტრამპი ყველანაირად გიწყობს ხელს.

მოკლედ, როგორი სიტყვებითაც არ უნდა შემამკო, ჩვენი ქვეყანა შენს ომს მხარს ვერ დაუჭერს. შენ მიერ მოყენებული შეურაცხყოფის მიუხედავად, უკრაინელ ხალხს მუდმივად შეეძლება ჰქონდეს ჩვენი დახმარების იმედი. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ელექტროენერგიითა და საწვავით თქვენს მომარაგებას და აქ მყოფ ლტოლვილებსაც კვლავ გავუწევთ დახმარებას.

დაე, ცხოვრებამ თავად განსაზღვროს დანარჩენი. ყველა იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს, ვიქტორი.”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები