მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარმოადგინა

6319bad5456d5
გიორგი არონია
08.09.22 15:00
1659

მსოფლიოს წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანია Apple-მა 7 სექტემბერს, ღონისძიებაზე - სახელწოდებით Far Out, უახლესი მოწყობილობები, მათ შორის ახალი თაობის ჭკვიანი საათები, უსადენო ყურსასმენები და სმარტფონები წარადგინა – თითოეულ მათგანს ქვემოთ განვიხილავთ.

გუშინდელი ღონისძიება, ტრადიციულად, Apple-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა გახსნა, რომელმაც წლევანდელ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა როგორც Apple-ის პროდუქტების ეკოსისტემურობაზე, ასევე მათ გამოყენებით სიმარტივეზე. ისე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ის მთავარი ხიბლი სწორედ მის ეკოსისტემაშია, რადგან თითოეული პროდუქტის სრული პოტენციალის გამოვლენა, მხოლოდ მისი სხვა მოწყობილობებთან შერწყმითაა შესაძლებელი.

Apple Watch Series 8

ისე კი, სწორედ ეკოსისტემურობაა მიზეზი იმისა, რომ წლევანდელი პრეზენტაცია უახლესი თაობის ჭკვიანი საათის, Apple Watch-ის რამდენიმე მოდელის წარდგენით დაიწყო – საუბარია, Apple Watch 8-ზე, Apple Watch SE-სა და ზემძლავრ Apple Watch Ultra-ზე. თუმცა, ეკოსისტემურობის გარდა, Apple-ის ჭკვიანი საათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის მსოფლიოში აღნიშნული სახის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის სტატუსს ატარებს, უკვე შვიდი წელია.

უახლესი Apple Watch 8 დახვეწილია როგორც ტექნოლოგიურად, ასევე დიზაინის მხრივ – ჭკვიან საათს დიდი ზომის გლუვი დისპლეი და მაქსიმალურად შემცირებული კანტები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ალუმინის, ასევე უჟანგავი ფოლადის კარკასის მქონე მოდელები – საერთო ჯამში, საუბარია შვიდი სხვადასხვა ფერის მოდელზე.

თუმცა, Apple Watch-თან დაკავშირებით მთავარი სიახლე, მაინც მოწყობილობის ტექნოლოგიურობას უკავშირდება, უფრო კი განახლებულ სენსორებს, რომლებიც Apple-ის ჭკვიან საათს კიდევ უფრო ჭკვიანად აქცევს – საუბარია როგორც ტემპერატურის, ასევე მოძრაობის სენსორებზე. უახლეს Apple Watch-ს ორი ტემპერატურული სენსორი აქვს, რომლებითაც ის მძინარე ადამიანის ტემპერატურას ყოველ ხუთ წამში ერთხელ ზომავს. ამასთანავე, ის საოცრად ზუსტია, რადგან 0.1 გრადუსის ცვლილებასაც კი აღიქვამს. უახლესი ტემპერატურული სენსორები და Apple-ის ჭკვიანი საათის სხვა ფუნქციონალი ადამიანებს მათი ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობას აძლევს და ხშირად, მათ სხვადასხვა დაავადებების დროულ აღმოჩენასა და მკურნალობაში ეხმარება.

თუმცა, ტემპერატურული სენსორების გარდა, უახლეს Apple Watch-ში მოძრაობის დახვეწილ სენსორებსაც ვხვდებით, რომელთა დახმარებით, ჭკვიანი საათი აცნობიერებს, როცა ადამიანი, რომელიც მას ატარებს ავტოსაგზაო შემთხვევაში ხვდება და მომხდარის შესახებ სასწრაფო-სამაშველო სამსახურს ავტომატურად ატყობინებს.

Apple Watch SE

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წელს, Apple-ი მხოლოდ ერთი ჭკვიანი საათის გამოშვებას არ დასჯერდა და 2020 წლის შემდეგ პირველად, ჭკვიანი საათის ბიუჯეტური მოდელი – Apple Watch SE წარადგინა, რომელიც 20%-ით უფრო სწრაფია წინა თაობის მოდელთან შედარებით და თან, Apple Watch 8-ის არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ითავსებს, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევების ამოცნობის ფუნქციონალს.

Apple Watch Ultra

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში, მარკ გარმენის მსგავსი ანალიტიკოსების დახმარებით, Apple-ის უახლესი მოწყობილობების შესახებ ასე თუ ისე ბევრი რამ წინასწარაა ცნობილი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, Apple-მა ჩემი გაოცება მაინც მოახერხა – ამ შემთხვევაში კიდევ ერთ ჭკვიან საათს, Apple Watch Ultra-ს ვგულისხმობ, რომელიც საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. ამ საათს 49-მილიმეტრიანი კარკასი აქვს, რომელიც ტიტანისგანაა დამზადებული, რაც მას საოცრად გამძლე მოწყობილობად აქცევს. ამასთანავე, რადიკალურადაა შეცვლილი მისი დიზაინი და მაქსიმალურადაა გაზრდილი მისი ელემენტის გამძლეობა – ეს საათი, ელემენტის ერთი დამუხტვით, სულ მცირე 36 საათს ძლებს.

AirPods Pro 2

თუმცა, ჭკვიანი საათების გარდა, გუშინდელ ღონისძიებაზე Apple-მა უახლესი თაობის ყურსასმენები, AirPods Pro 2 წარმოადგინა. ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ტიმ კუკის შეფასებით, ეს Apple-ის ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ყურსასმენია, რაც უცნაური არ არის თუ გავიხსენებთ, რომ ის Apple-ის მიერ წარმოებული H2 ჩიპითაა აღჭურვილი. ამასთანავე, მას სივრცითი აუდიოს ფუნქციონალი და ხმის ჩახშობის ტექნოლოგია აქვს, რომელიც ორჯერ უფრო მძლავრია წინა მოდელთან შედარებით. ამ ყველაფერთან ერთად, დაიხვეწა ყურსასმენის ელემენტებიც – ამიერიდან, მათ გამოყენებას ექვსი საათის განმავლობაში შეძლებთ.

iPhone 14, iPhone 14 Plus, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max

გუშინდელი ტექნოლოგიური ღონისძიების მთავარი მოვლენა მაინც ახალი თაობის ოთხი სმარტფონის პრეზენტაცია გახდა – საუბარია iPhone 14-ზე, iPhone 14 Plus-ზე, iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ზე. თუმცა, სანამ უშუალოდ მოდელების განხილვაზე გადავიდოდე, მინდა თქვენი ყურადღება ერთ დეტალზე გავამახვილო – როგორც ჩანს, Apple-ი ერთხელ და სამუდამოდ მიხვდა, რომ დროის გასვლასთან ერთად, ადამიანებს სულ უფრო და უფრო დიდი სმარტფონები სურთ და ამიტომაცაა, რომ წლევანდელ სიაში iPhone-ის mini მოდელს არ ვხედავთ.

შედარებით მცირე ზომის სმარტფონის არყოფნით გაჩენილი ვაკუუმი უმალ ამოავსო სტანდარტულზე უფრო დიდი Plus მოდელის დაბრუნებამ – ამ სმარტფონს 6.7-ინჩიანი ეკრანი აქვს. ორთავე მოდელი, ჩვეულებრივი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი Apple-ის მიერ წარმოებული A15-ტიპის ბიონიკური ჩიპითაა აღჭურვილი. თავად ეს ჩიპი არახალია – ის წინა თაობის სმარტფონებშიც არის გამოყენებული, მაგრამ ამაში უცნაური არაფერია, რადგან Apple-მა შეგვაჩვია, რომ მის მოწყობილობებში გამოყენებულ მიკროჩიპებს ყოველწლიურად არ ცვლის.

თუმცა, მიკროჩიპის შეუცვლელობა არ ნიშნავს იმას, რომ უახლესი თაობის iPhone-ები ტექნოლოგიურად არ განვითარებულა – სინამდვილეში, დაიხვეწა როგორც სმარტფონების ელემენტები, ასევე კამერა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, iPhone 14 Plus-ს საუკეთესოთა შორის საუკეთესო ელემენტი აქვს, რომელიც ყველა სხვა iPhone-ის ელემენტზე მეტხანს ძლებს. რაც შეეხება Apple-ის კიდევ ერთ განმასხვავებელ ნიშანს – კამერას, ის 12-მეგაპიქსელიანია და აქვს როგორც სენსორული სტაბილიზაციის, ასევე სიღრმის ასახვის ფუნქციონალი.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყველაზე საფუძვლიანი ცვლილებები მაინც iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ის შემთხვევაში ვნახეთ. პირველი განსხვავება, რომელიც ახალი და ძველი თაობის სმარტფონებს შორის შეინიშნება – დისპლეია, რომელიც Apple-მა რადიკალურად შეცვალა. თავისთავად ეს ნაბიჯი Apple-ისთვის საკმაოდ გაბედული აღმოჩნდა, რადგან ბოლო მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც iPhone-ის ეკრანმა განიცადა, 2017 წელს მოხდა, iPhone X-ის შემთხვევაში. უახლესი iPhone-ების უმთავრესი განსხვავება – ეკრანის ზედა ნაწილში მოთავსებული დინამიკური კუნძულია, რომელიც ადამიანის iPhone-თან ურთიერთობის გამოცდილებას თავდაყირა აყენებს. ამასთანავე, უახლესი Pro მოდელები Apple-ის მიერ წარმოებული ეფექტიანი ბიონიკური მიკროჩიპით, A16-ითაა აღჭურვილი, რაც iPhone-ს გაცილებით უფრო ეფექტიან და მძლავრ სმარტფონად აქცევს.



საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და Meta. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები