მთავრობა 200 000 სოცდაუცველის “ამუშავებას” გეგმავს. ახალი პროგრამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დააანონსა. მაშინ ღარიბაშვილმა იმდროინდელ გარემოს დაცვისა და დრეს უკვე ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს დაავალა, შექმნილიყო კომისია, რომელიც ამ მიმართულებით ევროპის ქვეყნების გამოცდილებას შეისწავლიდა და პროგრამა საქართველოშიც ამოქმედდებოდა.
უკვე დღეს, მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პროგრამა უკვე მზად არის და მისი ამოქმედება 1-ელი მარტიდან დაიწყება.
საქმე ეხება სოციალურად დაუცველი ადამიანების შრომისუნარიან ნაწილს, რომელიც დასაქმებული სწორედ იმიტომ არ არის, რომ სოციალური დახმარება არ დაკარგოს. ახალი პროგრამის მეშვეობით, ერთი მხრივ, სოცდაუცველები დასაქმდებიან, მეორე მხრივ კი, მათ არ შეუწყდებათ დახმარება სახელმწიფოსგან. მეტიც, ისინი ყოველთვიურად დამატებით 300 ლარს მიიღებენ.
სად დასაქმდებიან სოცდაუცველები?
„შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება. ვიწყებთ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას. საზოგადოებრივი სამუშაოები სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოებს გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია, ეს ხელს შეუწყობს მოქალაქეების მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად. პროგრამა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შედეგად შევიმუშავეთ. აქ ჩვენ ორმაგ შედეგს მივიღებთ: ერთი მხრივ, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა შემოსავალი და ამავე დროს ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის, ან არსებულის გაუმჯობესება შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს“, - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება თავად პროგრამის დეტალებს:
ღარიბაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა სამინისტროებიც მოახდენენ 50 ათასამდე ვაკანსიის მობილიზებას.
„წელს შეიძლება 100 ათასზეც გავიდეთ [ვაკანსიების კუთხით]. რეალურად ლიმიტი არ გვაქვს. 50 ათასით დავიწყებთ, მაგრამ ვნახოთ პროცესი როგორ განვითარდება. პროგრამას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო განახორციელებს და მოსარგებლეს საშუალება ექნება, აირჩიოს: ან საზოგადოებრივი სამუშაო ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია. თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, დასაქმების ფორმალიზება უნდა მოახდინოს. პროგრამით მოსარგებლე ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში საარსებო შემწეობა შეუნარჩუნდება”,-აცხადებს ღარიბაშვილი.
პრემიერი ასევე ამბობს, რომ ამ პროგრამაში ჩართული თითოეულ მოქალაქე სახელმწიფოსგან დამატებით 300 ლარს მიიღებს. მისი განმარტებით, ბენეფიციარები, ერთი მხრივ, მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც შეიძლება იყოს ზოგ შემთხვევაში 400-500 ლარი, ამ თანხას დაემატება სახელწიფოს მიერ დანიშნული 300 ლარი. პრემიერი ფიქრობს, რომ ეს პროგრამა ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება.
“მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელოდება მაშინაც, თუ იგი არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც ვფიქრობთ სამართლიანია. ამ დროის განმავლობაში მას შეეძლება, შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების ან სოციალური მომსახურების სააგენტოს”,-ამბობს ღარიბაშვილი.




























