ავსტრალიაში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის ძალაში შესვლამდე რამდენიმე დღე რჩება - ეს მსოფლიოში პირველი ასეთი პრეცედენტია.
ტექნოლოგიური პლატფორმები უკვე მუშაობენ ფუნქციონალზე, რომელიც 16 წლამდე ასაკის არსებულ მომხმარებლებს ანგარიშებს გაუუქმებთ და ახლებს რეგისტრაციის საშუალებას არ მისცემთ. დეტალურად ამ თემაზე The Guardian წერს.
რას გულისხმობს ავსტრალიის სოციალური მედიის აკრძალვა და როდის ამოქმედდება ის?
10 დეკემბრიდან, იმ პლატფორმებმა, რომლებიც ავსტრალიის მთავრობამ ასაკრძალი სოციალური მედიის სიაში შეიყვანა, უნდა გააუქმონ 16 წლამდე მომხმარებლების ყველა ანგარიში და არ მისცენ მათ ანგარიშის გახსნის უფლება, სანამ 16 წელი არ შეუსრულდებათ.
ელექტრონული უსაფრთხოების (eSafety) კომისარი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პლატფორმებმა გადადგეს „გონივრული ნაბიჯები“ 16 წლამდე პირების მიერ პლატფორმით სარგებლობის აღსაკვეთად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ $50 მილიონ დოლარამდე ჯარიმა დაეკისრებათ.
რომელი პლატფორმები და აპლიკაციები იკრძალება 16 წლამდე მოზარდებისთვის?
- TikTok
- Snapchat
- X (Twitter)
- YouTube
- Twitch
- Kick
- Threads
Facebook, Instagram, TikTok, Snapchat, X, YouTube, Reddit, Twitch და Kick აკრძალული აპლიკაციების თავდაპირველ სიაში დასახელდნენ.
აკრძალვა ვრცელდება Threads-ზეც, რადგან აპლიკაციის გამოსაყენებლად Instagram-ის ანგარიშია საჭირო.
მთავრობის განცხადებით, ეს სია დინამიკურია, ამიტომ სხვა პლატფორმები შესაძლოა მოგვიანებით დაემატოს - მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ აკრძალვის ამოქმედების შემდეგ ბავშვები მასობრივად გადავლენ სხვა მსგავს აპლიკაციაზე.
რომელი პლატფორმები არ აიკრძალება?
- Roblox
- YouTube Kids
- Discord
- Lemon8
- GitHub
- LEGO Play
- Steam და Steam Chat
- Google Classroom
- Messenger
ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა Roblox, YouTube Kids, Google Classroom და დასაქმების პლატფორმები (მაგ. LinkedIn), გამონაკლისს წარმოადგენენ. eSafety-მ ასევე განაცხადა, რომ აკრძალვა არ შეეხება Pinterest-ს.
მთავრობამ ღიად დატოვა საკითხი, მოეთხოვებათ თუ არა შესაბამისობა სხვა პლატფორმებს.
eSafety-ის კომისარმა, ჯული ინმან გრანტმა, სენატის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ პლატფორმებმა თავად უნდა შეაფასონ საკუთარი თავი და განსაზღვრონ, ევალებათ თუ არა კანონის დაცვა. მაგალითად, X-ის ალტერნატივა Bluesky შეფასდა, როგორც "ძალიან დაბალი რისკის" მქონე, რადგან მას მხოლოდ 50,000-მდე ავსტრალიელი მომხმარებელი ჰყავს და მათ შორის ძალიან ცოტაა არასრულწლოვანი.
თუ ჩაითვლება, რომ სერვისი ავსტრალიური აუდიტორიისთვის საკმარისად მასშტაბურია, მას შეიძლება სთხოვონ თვითშეფასების ჩატარება და განმარტების მიღება eSafety-სგან - რაც დროთა განმავლობაში სიას გაზრდის.
თუ როგორ იმუშავებს ასაკის ვერიფიკაცია სოციალურ მედიაში - ეს საბოლოოდ პლატფორმის გადასაწყვეტია. მთავრობის ერთადერთი მოთხოვნა ის არის, რომ პირადობის მოწმობის მოთხოვნა ასაკის შემოწმების ერთადერთი ფორმა არ უნდა იყოს.
Facebook-სა და Instagram-ზე უკვე დარეგისტრირებულ მოზარდებს ექნებათ არჩევანი: ჩამოტვირთონ თავიანთი ფოტოები და შეტყობინებები და დროებით შეაჩერონ ანგარიშის მოქმედება, სანამ 16 წლის გახდებიან, ან წაშალონ ანგარიში მთლიანად.
TikTok-მა განაცხადა, რომ მომხმარებლებს მისცემს ანგარიშის დეაქტივაციის ან წაშლის შესაძლებლობას, და მათ შეეძლებათ უკვე არსებული კონტენტის დაარქივება.
YouTube-ის შემთხვევაში, მოზარდები ანგარიშებზე წვდომის აღდგენას 16 წლის გახდომისთანავე შეძლებენ, კონტენტის წაშლის გარეშე. ანგარიშის დახურვამდე მათ შეუძლიათ ჩამოტვირთონ თავიანთი კონტენტი ან აირჩიონ ანგარიშის წაშლა.
შესაძლებელია თუ არა სოციალური მედიის აკრძალვის გადავადება?
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონ რადიკმა პოლიტიკური კომუნიკაციის თავისუფლების საფუძველზე უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
საპარლამენტო კომიტეტმა, რომელიც ასაკის დადასტურების საკითხებს იკვლევდა, რეკომენდაცია გასცა კანონმდებლობის ამოქმედების ექვსი თვით, 2026 წლის ივნისამდე გადავადების შესახებ, მაგრამ ლეიბორისტმა სენატორებმა არ გაიზიარეს მწვანეების მიერ მომზადებული ანგარიში. პრემიერ-მინისტრი და კავშირგაბმულობის მინისტრი კანონის ამოქმედების თარიღის შეცვლაზე არ მიუთითებენ.
Meta-მ, TikTok-მა, Snapchat-მა, YouTube-მა, Twitch-მა და Kick-მა უკვე განაცხადეს, რომ დაემორჩილებიან აკრძალვას.




























