ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უმუშევრობა 5%-იან ნიშნულს ჩამოსცდეს, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ცნობისთვის, 2025 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობა 13.3%-მდე შემცირდა, თუმცა კლებაა სამუშაო ძალაშიც.
„ზოგადად ოპტიმალური მაჩვენებელი არის 3-დან 5%-მდე და ვფიქრობთ, რომ ამ მაჩვენებლის მიღწევა არის შესაძლებელი რამდენიმე წელიწადში. ამისათვის საჭიროა ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამას ემსახურება კონკრეტული ეკონომიკური ინიციატივები, საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, რაც არის აბსოლუტურად რეალური. სამ წელიწადშიც კი შეიძლება ასეთი შედეგის მიღწევა. ექსპორტის გაზრდა არის ასევე მნიშვნელოვანი. ჩვენი პროდუქციის წახალისება, ქვეყნის გარეთ გატანის წახალისება და იმპორტ-ექსპორტის ბალანსის გაუმჯობესება, აქაც მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის მე-4 კვარტალში სამუშაო ძალა ქვეყანაში 1.6 მილიონამდეა შემცირებული, აქედან დასაქმებული იყო თითქმის 1.4 მლნ იყო, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვმა 970 ათასი შეადგინა, თვითდასაქმებული კი 430 ათასამდე პირი იყო. ქვეყანაში უმუშევრად 215 ათასი ადამიანი ითვლება.
ცნობისთვის, სამუშაო ძალად მიიჩნევიან ის ადამიანები, რომლებიც სამსახურს ეძებენ.




























