კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ კომისიის პირველი სხდომა გახსნა და განაცხადა, რომ ComCom-ის ეფექტიან საქმიანობას ციფრულ ეპოქაში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა და როლი აქვს. მისივე თქმით, კომისია კანონის შესაბამისად იმოქმედებს და მედია სფეროს მიკერძოებული და ყალბი ინფორმაციისგან გაათავისუფლებს.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქვეყანაში გატარებული პოლიტიკის შედეგად, და, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული კომუნიკაციების კომისიას, გვაქვს მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება, ამაზე მეტყველებს ის, რომ დღევანდელი მოცემულობით არსებობს 108 მაუწყებელი, აქედან 20 ეროვნული მაუწყებელი. ციფრებს თუ შევადარებთ, 2012 წლამდე ქვეყანაში არსებობდა მხოლოდ 4 ეროვნული მაუწყებელი. თუმცა, ამ მრავალფეროვნებამ, თავის მხრივ, სხვა გამოწვევები შექმნა: რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მედიასივრცე გაჯერებულია ყალბი ინფორმაციით, დეზინფორმაციით, ხშირად ვხვდებით მიკერძოებას, სამართლიანობის პრინციპების დარღვევას და ესეც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მწვავე გამოწვევად რჩება ჩვენთვის, როგორც რეგულატორისთვის. ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია, ამას კომისია ურყევად დაიცავს, თუმცა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაყურებლის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული და მედიასივრცე მაქსიმალურად იყოს დაცლილი ყალბი ინფორმაციისგან.“ - აღნიშნა გოგა გულორდავამ.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის დეკემბერში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტმა ComCom-ის წევრად 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცა. 2026 წლის 29 იანვარს კი კომუნიკაციების კომისიის წევრებმა გოგა გულორდავა კომისიის თავმჯდომარედ 3 წლის ვადით, ერთხმად აირჩიეს და იმავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე არჩევნების შედეგები დაამტკიცეს.
გულორდავას 26-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. იგი ორი წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ტელეიმედში“ ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2020 წლიდან 2025 წლამდე კი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის მრჩეველი, შემდგომ ამავე უწყებაში, შიდა აუდიტის დირექტორი იყო. 2016-2020 წლებში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2013-2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
პროფესიით გოგა გულორდავა იურისტია, მან 1995-2000 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს გოგა გულორდავას გავლილი აქვს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტორებისა და პროკურორების სასწავლო კურსები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში.
ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიის წევრად გულორდავა პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში აირჩია. კომისიის წევრების ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მათი წლიური ხელფასი 192 269 ლარიდან იწყება [რაც თვიური 16 000+ ლარია] და თავმჯდომარის შემთხვევაში 202 310 აღწევს.




























